Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე


ან ლინდე, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ან ლინდე, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე, რომელმაც უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრემიერ-მინისტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მათ შორის, საოკუპაციო სახის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, გიორგი გახარიამ საგანგებოდ გაუსვა ხაზი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაკავებისა და ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების ფაქტს.

თავის მხრივ, ზაზა გახელაძისა და ყველა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ძალისხმევის უდიდეს მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება ან ლინდეს შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთანაც. საუბრის საგანი იყო ასევე საფრთხეები, რომლებსაც ქმნის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია არა მხოლოდ საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონისათვის, არამედ მთლიანად ევროპისათვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დავით ზალკალიანმა შვედ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული მძიმე შედეგების თაობაზე. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ასევე რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურების საკითხზე.

როგორც, თავის მხრივ, ან ლინდემ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა ეუთოში შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია:

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, გზები, რითაც ორგანიზაციას შეუძლია დაეხმაროს საქართველოს, ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეუთოს ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ეს გახლავთ ეუთოს ძირითადი პრიორიტეტი ჩემთვის, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისთვის“, - განაცხადა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების ერთგულების, ასევე დიალოგისა და ჩართულობის გზით უნდა მოგვარდეს.

შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნის შესახებ ისაუბრა ან ლინდესთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც. მისი თქმით, ან ლინდეს ვიზიტი სოლიდარობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურებაა. არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და რუსეთის ფედერაციის ქმედებები იყო. პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს ესაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც. საუბარი შეეხო ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატსა და მის მნიშვნელობას.

გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. მასზე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები და სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის საკითხები განიხილეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ან ლინდე შეხვედრას გამართავს ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. სოფელ ხურვალეთში იგი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.

XS
SM
MD
LG