Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, პოლიტიკურ გუნდში იწყება კონსულტაცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესარჩევად. მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს: „ცხრა დღის ვადა აქვს არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას, რომ წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მთავრობის შემადგენლობაც, შესაბამისად, ამ პროცედურაში უნდა იქნას დასახელებული. შემდეგ დარჩენილი ვადა ეკუთვნის პარლამენტს იმისთვის, რომ დაასრულოს მთავრობის ფორმირება და ნდობა გამოუცხადოს“.

როგორც არჩილ თალაკვაძემ თქვა, „ქვეყნის და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ვადებში მოხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში. შემდეგ თითოეულ წევრს პარლამენტში ექნება საშუალება, რომ ნახოს ეს ყველაფერი, მიიღოს მონაწილეობა ახალი პროგრამის განხილვაში და მიიღოს გადაწყვეტილება ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით“.

„რაც ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, არის ის, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი და სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში ქვეყანაში და რასაკვირველია, ჩვენ არანაირ წყვეტას, არანაირ მცდელობებს დესტაბილიზაციის ქვეყანაში არ დავუშვებთ და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია არის საქართველოს პარლამენტი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტის თანამდებობიდან დღეს გადადგა. მან მიზეზად ის დაასახელა, რომ ნიკა მელიას მიმართ „თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულების“ დროსთან დაკავშირებით ის და მმართველი გუნდის სხვა წევრები ვერ შეთანხმდნენ.

საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით, "პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა".

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში "ქართულ ოცნებას" ჰყავს 150-დან 90 დეპუტატი.

კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს".

ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, "საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG