Accessibility links

site logo site logo

ირანმა დაადასტურა, რომ წყვეტს ბირთვული ობიექტების სწრაფ ინსპექტირებას, აშშ ცდილობს, „განავრცოს და განამტკიცოს“  ბირთვული შეთანხმება


ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა, რომ 22 თებერვალს თეირანმა შეწყვიტა დამატებითი პროტოკოლის შესრულება, რომელიც ბირთვული ობიექტების მოულოდნელი შემოწმების საშუალებას აძლევდა ინსპექტორებს. ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ ირანი აგრძელებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევას.

გაფრთხილება მას მერე გაისმა, რაც ირანმა გამოაცხადა, რომ ურანის გამდიდრებას გააფართოებს. ამ დროს აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები მოქმედების ერთობლივი და მრავლისმომცველი გეგმის, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების, გადარჩენას ცდილობენ. ის აშშ-მა დატოვა 2018 წელს და ირანს შეთანხმების შედეგად გაუქმებული სანქციები კვლავ დაუწესა.

დამატებითი პროტოკოლის შესრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება გაკეთდა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაპირების შემდეგ, რომ „ბირთვულ საკითხებში ირანი უკან არ დაიხევს.

ხამენეიმ ასევე თქვა, რომ თეირანს შეუძლია გაზარდოს ურანის გამდიდრება 60 პროცენტამდე, რაც ნაკლებია 90 პროცენტზე, დონეზე, რომელიც იარაღ ისთვისაა საჭირო. თუმცა, ის ბევრად აღემატება შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, 3,67 პროცენტიან ზღვარს და თვით 20 პროცენტიან დონეს, რის თაობაზეც თეირანმა გასულ თვეში გამოაცხადა.

გავრცელდა აშშ-ის საგარეო უწყების წარმომადგენლის სიტყვები, რომ 60-პროცენტიანი გამდიდრება ურანისა „მუქარად ჟღერს“ მაგრამ ვაშინგტონი არ აჰყვება ჰიპოტეზებს და პოზირებას.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეები ირანისგან მოელიან პასუხს შეთანხმების მონაწილე ქვეყნებთან არაოფიციალური შეხვედრის შესახებ წინადადებაზე.

22 თებერვალს აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დაუბრუნდება შეთანხმების მკაცრად შესრულებას, თუ თეირანიც გააკეთებს იმავეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ჟენევაში მიმდინარე, გაეროს მიერ ორგანიზებულ, განიარაღების კონფერენციას განუცხადა, რომ ვაშინგტონს იმედი აქვს "გააფართოვოს და განამტკიცოს" შეთანხმება.

გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, 21 თებერვალს დაბრუნდა თეირანიდან. ირანმა 22 თებერვალს შეაქო გროსის ვიზიტის შედეგები და ორ მხარეს შორის დროებითი შეთანხმება, რომელიც ინსპექტირებას შეეხება, შეაფასა, როგორც „მნიშვნელოვანი მიღწევა“.

თეირანი მოითხოვს ამ, 2018 წელს კვლავ შემოღებული სანქციების გაუქმებას. ვაშინგტონი მოუწოდებს ირანს, პირველ რიგში მან შეასრულოს ყველა ნაკისრი ბირთვული ვალდებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG