Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: დიალოგს არც ახლა და არც მომავალში ალტერნატივა არა აქვს


თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა, რომ „საბედნიეროდ, სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავების ოპერაციის მშვიდობიანად წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

კალაძის სიტყვებით, დღევანდელმა დღემ აჩვენა ისიც, რომ საზოგადოება კიდევ არ არის შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე და ქვეყნის მთავარ პრობლემად რადიკალიზმი რჩება:

„სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე, ჯერ კიდევ არ გვაქვს კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს სახელმწიფოს და ერთმანეთის უპატივცემლობას.

ზოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არა აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG