Accessibility links

site logo site logo

რეჯეპ ტაიპ ერდოანი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს


თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული წერილის თანახმად, ოფიციალურ მილოცვაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ხაზს უსვამს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას.

„თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეგობარ საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

თქვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 100 წლისთავი საქართველოსთან, რომელიც იყო პირველი ქვეყანა, ვინც ანკარაში საელჩო გახსნა.

დარწმუნებული ვარ, თქვენი აღმატებულების მხარდაჭერით ყველა სფეროში გაგრძელდება და განვითარდება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა“, - ნათქვამია ერდოანის მილოცვაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშილს თანამდებობაზე დამტკიცება უკვე მიულოცეს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა ხელი.

22 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობით მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა (89 ხმით, 2-ის წინააღმდეგ) საქართველოს პარლამენტმა.

18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG