Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმიამ სირიაში დაბომბა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტები


აშშ-ის არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა სირიის აღმოსავლეთში მდებარე ობიექტებზე, რომლებსაც პენტაგონის ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები იყენებდნენ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით ჩატარებული ოპერაცია იყო პასუხი ერაყში მყოფ ამერიკულ და კოალიციურ ძალებზე მომხდარ თავდასხმაზე.

15 იანვარს, ერაყის ქალაქ ირბილზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაიჭრა და დაიღუპა ფილიპინების მოქალაქე, რომელიც ამერიკულ ობიექტზე მუშაობდა.

პენტაგონის პრესმდივნის, ჯონ კირბის ინფორმაციით, სირიის აღმოსავლეთში ხუთშაბათს საღამოს განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად განადგურებულია სირიის და ერაყის საზღვართან მდებარე ობიექტები, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებები იყენებდნენ. სხვა დეტალები კირბის არ უთქვამს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროპორციული სამხედრო ძალა გამოყენებული იყო დიპლომატიურ ზომებთან, მათ შორის პარტნიორებთან კონსულტაციასთან ერთად და მისი მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია როგორც სირიის აღმოსავლეთში, ისე ერაყში. ჯონ კირბის თანახმად, ჩატარებული ოპერაცია იმის სიგნალია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი იმოქმედებს ამერიკული და კოალიციური ძალების ინტერესთა დასაცავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG