Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახო სანაიას მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა


ბათუმში, ადგილობრივი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაგმეს ტელეკომპანია „ფორმულის“ წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმა. ევროპის მოედანზე გამართული აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები, წარწერებით: "არა ძალადობას!" "სოლიდარობა ვახო სანაიას!“

"ეს არ არის მხოლოდ ერთ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი და პრობლემა. ეს არის შედეგი სიძულვილის ენის გამოყენების და ჟურნალისტებზე თავდასხმის, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ პოლიტიკოსების მხრიდან", - უთხრა რადიო თავისუფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირის წევრმა სოფო ჟღენტმა.

ჟურნალისტ ვახო სანაიას თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა აქვს.

პოლიციამ 3 პირი დააკავა. შსს-ს თანახმად, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ.

XS
SM
MD
LG