Accessibility links

site logo site logo

აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ 28 თებერვალს ქუთაისში გაიმართება


ვარლამ გოლეთიანი

აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ 28 თებერვალს სოფელ ოფურჩხეთის ნაცვლად ქუთაისის ცენტრში გაიმართება. ამის შესახებ ფეისბუკლაივში განაცხადა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა. მისი თქმით, აქციაზე ბევრ ადამიანს ელოდნენ და ამიტომ თავდაპირველი ლოკაცია ხალხმრავალი შეკრებისთვის მოუხერხებლად მიიჩნიეს:

„ფიზიკურად მეგობრებო, აქ არ არის დასადგომი ადგილი, სადაც ის რაოდენობა ადამიანების დაეტევიან, ვინც ხვალ ჩვენთან მოსვლას აპირებს. გვაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ადამიანი მოდის და პრობლემა არის, ხეობა ვიწროა. აქ მარტო პოლიციელი იქნება დაახლოებით ალბათ 1000 კაცი, ამის გარდა მათი მანქანები, მომსვლელების მანქანები, ისე მომსვლელი ადამიანები, აქტივისტები, ქალები იქნებიან, ბავშვები იქნებიან, სხვადასხვა სკოლები მოდიან და შემდეგ ისე არ გამოვიდეს, რომ ვეღარ გავაკონტროლოთ სიტუაცია რაღაც მნიშვნელოვანი პროვოკაციის შემთხვევაში, ამის თავის ასარიდებლად რასაკვირველია გადაგვაქვს აქცია ქუთაისში“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. მისი თქმით, სოფლის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაჭირდებოდა, მით უფრო მაშინ, როდესაც პროვოკაციებიც მოსალოდნელი იყო. აქციაზე დასწრების მსურველებს ვარლამ გოლეთიანმა პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვისაკენ მოუწოდა.

რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია ქუთაისის ცენტრში, თეატრის წინ 28 თებერვალს, 13 საათზე დაიგეგმა. ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის დასრულების შემდეგ მსურველებს შეეძლებათ ნამახვანში გადაინაცვლონ და ადგილობრივებთან ერთად ღამე კარვებში გაათენონ:

„კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მომზადებული წამოხვიდეთ ამისთვის. ვისაუბრებთ და დავსახავთ შემდგომ სამოქმედო გზებს“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივთა ნაწილი რამდენიმე თვეა დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობს სოფელ ჟონეთში, რიონის კალაპოტთან ჰესის მშენებლობის შეწყვეტისა და ტერიტორიიდან კომპანია „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო ტექნიკის გატანის მოთხოვნით.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვას გამოიწვევს და ამის მიზეზი 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობა იქნება.

მათივე ინფორმაციით, დატბორვის გამო ფიზიკური განსახლება ემუქრება 100 ოჯახს, ხოლო პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას კიდევ უფრო მეტი ოჯახი გამოცდის საკუთარ თავზე. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ჰესის აშენებას თან ახლავს სერიოზული სეისმური საფრთხეც და მოჰყავთ ექსპერტების შეფასება, რომლის თანახმად, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG