Accessibility links

site logo site logo

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს კრიზისის დიალოგით განმუხტვისკენ მოუწოდებს


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის აუცილებელია პასუხისმგებლიანი მოქმედებები და დიალოგი.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა თქვა, რომ მისი ვიზიტი იმართება გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც აშფოთებთ ევროკავშირს და პირადად მასაც.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ სიტუაციის გასანეიტრალებლად. შარლ მიშელმა თქვა, რომ ამ თემებზე დღეს გულწრფელი საუბარი ექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის ლიდერებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანახმად, საქართველოს აქვს ყველა საშუალება დემოკრატიული საფუძვლების კონსოლიდირებისათვის, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვა, შეიქმნას ღია დემოკრატიით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით გამყარებული პოლიტიკური სტაბილურობა და ამ გზებით განმტკიცდეს ევროკავშირთან ურთიერთობა.

შარლ მიშელის თქმით, ეს მიზნები და ვალდებულებები ასახულია ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებაშიც.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციის ლიდერებს დღის მეორე ნახევარში შეხვდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველომდე მოლდოვაში იმყოფებოდა, თბილისიდან კი კიევში გაემგზავრება.

„ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ, ისევე, როგორც გუშინდელი შეხვედრა მოლდოვაში და ხვალინდელი უკრაინაში, არის პარტნიორობის გზავნილი რეგიონის ქვეყნებისთვის. ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორების გაგრძელებას. გვინდა, რომ კოვიდ-19-ის კრიზისი, რომელიც გვიტევს აქაც და მთელ მსოფლიოში, დავასტაბილუროთ“, - განაცხადა შარლ მიშელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG