Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტრო COVAX-ისგან განმარტებებს ითხოვს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად. გაბუნია ამბობს, რომ ამის გამო მედიაში გავრცელებული განცხადების საპასუხოდ უწყება COVAX-ისგან ​განმარტებებს ითხოვს.

"დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ COVAX-ს და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადებაზე, რომელიც გაჟღერდა "ინტერპრესნიუსზე". წერილებში, რაც ჩვენ გვაქვს მიღებული, ეს არის 22 თებერვლის წერილი, გადავადების მიზეზი მითითებული არის "ფაიზერის" მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას", - განაცხადა გაბუნიამ.

მან ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს თქვა, რომ უხერხულია იმის თქმა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ შეავსო აპლიკაციის ფორმა სწორად:

"ის, რაც "ინტერპრესნიუსის" განცხადებაში წერია, იკითხება ცალსახად ისე, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა ის მოთხოვნა, რომელიც დააყენა COVAX-მა, რაც არ არის სწორი".

ვაქცინაციის დაგვიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა. სააგენტო აღნიშნავს, რომ მათთვის მიწერილი პასუხის მიხედვით, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

საქართველოში ამ დრომდე არ დაწყებულა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებდა, თუმცა, ამჯერად ვაქცინაციის დაწყების სავარაუდო ვადად მარტი სახელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG