Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

ორბელიანებს სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ თქვა, რომ არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ რომელიმე ან ყველა საკითხი შეთანხმდებოდა. მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ განსახილველ საკითხებზე.

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის, შარლ მიშელის ინიციატივით არის შესული ისეთი თემები, როგორიც გახლავთ პატიმრების და რიგგარეშე არჩევნების განხილვის საკითხი. დღის წესრიგი არის ყოვლისმომცველი, დღის წესრიგში არის ყველა ის თემა, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. მაგრამ მოლოდინი იმის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, რა თქმა უნდა, არ უნდა ყოფილიყო. შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი და ის, რომ ჩარჩო დოკუმენტზე სამივე (ევროკავშირი, ხელისუფლება და ოპოზიცია) შევთანხმდით, რომ არსებობს ექვსი საკითხის ჩამონათვალი, რაც უნდა მოგვარდეს, გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი, მათში შედის პატიმრების საკითხი, მელიას, რურუას და რიგგარეშე არჩევნების საკითხი“, - ამბობს დავით ბაქრაძე.

შარლ მიშელი პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით ოპოზიციასა და პრემიერს შორის დღეს საღამოს შეხვედრის გამართვის შესახებ. პრემიერმა ღარიბაშვილმა იქვე დაადასტურა ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის წარმომადგენლებს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ის ასევე ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG