Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანიას პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბენურ კვირაიასთვის არ დაუვალებიათ თბილისთან მოლაპარაკებების წარმოება


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბენურ კვირაია ასლან ბჟანიას შტატგარეშე თანაშემწე აღარ არის და მან უფლებამოსილება მიმდინარე წლის 19 თებერვალს შეიჩერა.

„მისთვის არავის დაუვალებია საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოება“, - აღნიშნავენ ე.წ. პრესსამსახურში.

აფხაზური ოპოზიცია აპროტესტებს დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის, ბენურ კვირაიას „საქართველოს რესპუბლიკაში ჩასვლას პირდაპირ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე მოლაპარაკებისთვის“.

„აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას დავალებით, „აფხაზეთის უშიშროების სამსახურთან“ შეთანხმებით და ორი პირის თანხლებით, კვირაიას ვიზიტი 25 თებერვალს შედგა.

„სახალხო მოძრაობა“ აპროტესტებს სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოსაც, რომელზეც, მისი განცხადებით, ბენურ კვირაია სუფრასთან სვამს ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს და ქართველ ხალხთან საერთო ისტორიასა და ძმობაზე ლაპარაკობს მაშინ, როცა ეს მეგობარი აფხაზი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდა და აფხაზების მტერია.

სახალხო მოძრაობა მიიჩნევს, რომ ბჟანიამ წითელი ხაზი გადაკვეთა, რაც ართმევს მორალურ უფლებას, ჰქონდეს „აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 53-ე მუხლით გაწერილი უფლებამოსილება, განსაკუთრებით სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრის ნაწილში“.

აფხაზეთის ოპოზიციის მხარდამჭერები ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ ორგანიზებით 2 მარტს სოხუმის ცენტრში შეკრიბნენ და პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. აფხაზი ჩინოვნიკის თბილისში ვიზიტით აღშფოთებული ე.წ. ოპოზიციონერები მოითხოვენ, საკითხზე დე ფაქტო პარლამენტმა ყველა ოპოზიციური ძალის მონაწილეობით იმსჯელოს.

ქართულ მხარესთან აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის მოლაპარაკების შესახებ დღემდე რაიმე სხვა წყაროებით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

1 მარტს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ლიდერებთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG