Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი ბესტაევის პატიმრობა სამოქალაქო აქტივისტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტეს


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტებმა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული გენადი ბესტაევისთვის ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტეს.

აქტივისტებმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უმოქმედობაში დაადანაშაულეს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს უმოქმედობა რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის ნაწილია.

„მინდა შეგახსენოთ, რომ გენადი ბესტაევი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ დროისთვის სასჯელს იხდის ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებში. დაახლოებით 5 ადამიანია დაკავებული და "ქართული ოცნების" ხელისუფლება უმოქმედოა. ანუ არაფერს აკეთებენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. არ იყენებენ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, ყველა საერთაშორისო ბერკეტს, რომელიც სახელმწიფოს, ხელისუფლებას გააჩნია იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას. ამიტომ გვგონია, რომ დიდწილად მათი პასუხისმგებლობაა ის, რაც დღეს ქვეყანაში გატაცებულ ადამიანებთან მიმართებით ხდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას "სირცხვილიას" წარმომადგენელმა, ნოდარ რუხაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, გენადი ბესტაევს აქამდე თავისუფლების აღკვეთა მისჯილი არ ჰქონდა და ცხინვალის ციხეში მას სასჯელს წინასწარი გამოძიების საბაბით წელიწადისა და ოთხი თვის განმავლობაში უხანგრძლივებდნენ.

გენადი ბესტაევს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გარდა ნარკოტიკის კონტრაბანდასაც ედავებიან.

ერთ-ერთი ბოლო, ვისაც მანამდე ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობა მიუსაჯეს, ზაზა გახელაძეა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG