Accessibility links

site logo site logo

აუდიტის სამსახური ბორჯომის მერიის მორგებულ ტენდერებსა და არარაციონალურ ხარჯზე დასკვნას აქვეყნებს


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბორჯომის მერიის რამდენიმე შესყიდვაში თანხის არარაციონალური ხარჯვისა და "ტენდერის მორგების" ნიშნები დაინახა. საუბარია 2018 წელს სამგზავრო ავტობუსებისა და სპეცტექნიკის შესყიდვის ნაკლოვანებებზე. დასკვნა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

ავტობუსების ტენდერში ბორჯომის მერიამ გამარჯვებულად გამოაცხადა კომპანია, რომელიც კონკურენტზე 236,7 ათასი ლარით მეტ ფასს სთავაზობდა, სპეცტექნიკის შემთხვევაში კი ტექნიკაზე ფასნამატი 410,8 ათასი ლარი იყო. ყველა შემთხვევაში ერთი კომპანია შპს "Urban Motors"-ია გამარჯვებული.

5 ავტობუსის შეძენა

2018 წელს მერიამ ახალი ავტობუსების შესაძენად სამ პოტენციურ მიმწოდებელს - შპს "სტრადას", შპს "Urban Motors"-სა და "თეგეტა მოტორსს" სასურველი ტრანსპორტის სპეციფიკური მახასიათებლები გაუგზავნა. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ კომპანიებისთვის გადაგზავნილი დოკუმენტები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა - განსხვავებული იყო ძრავის სიმძლავრე, ზომის პარამეტრები, კარის მდებარეობა, გადაცემათა კოლოფის ტიპი, ადგილების რაოდენობა.

"თითოეულმა მიმწოდებელმა მერიას საკუთარი შესაძლო ვარიანტები წარუდგინა იმ სპეციფიკაციების მიხედვით, რისი მოთხოვნაც მიიღო მუნიციპალიტეტისგან... ტენდერის დოკუმენტაცია შედგენილი იყო ისე, რომ შესასყიდი სატრანსპორტო საშუალებების სპეციფიკაციები მხოლოდ შპს "Urban Motors-ის" მიერ წარმოდგენილ მონაცემებს შეესაბამებოდა", - აღნიშნავს აუდიტის დასკვნაში.

აქვე აღნიშნულია გარემოებები:

  • შპს "თეგეტა თრაქ ენდ ბასი", რომლის დაფიქსირებული ფასი 236,7 ათასი ლარით ნაკლები იყო გამარჯვებული კომპანიის, შპს "Urban Motors"-ის ფასთან შედარებით, ტენდერიდან მოიხსნა დაზუსტების უფლების გარეშე. აუდიტი აღნიშნავს, რომ მიწოდებული სპეციფიკაციების თანახმად, კომპანიას მოეთხოვა მუნიციპალიტეტისთვის წარედგინა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტობუსების განფასება, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო ავტომატური გადაცემათა კოლოფი;
  • შპს "ჯი-თი გრუპი", რომლის შეთავაზებული ფასი 70,6 ათასი ლარით ნაკლები იყო გამარჯვებულ კომპანიაზე, ტენდერიდან მოიხსნა იმის გამო, რომ ავტობუსის მეორე კარი იყო უკანა საბურავის მარცხნივ, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების თანახმად, კარი უნდა ყოფილიყო უკანა საბურავის მარჯვნივ;
  • ამ გარემოებების გათვალისწინებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს "Urban Motors", რომელთანაც 952 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა ბორჯომის სოფლებში გადასაადგილებლად გამოცხადებულ ტენდერში და 205 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმდა.

"აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა და ვერც აუდიტის ობიექტმა წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა აუცილებლობით იყო განპირობებული ავტობუსებისთვის ავტომატური გადაცემათა კოლოფის ან უკანა კარის მდებარეობის მოთხოვნის არსებობა. შედეგად, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი იყო ისე, რომ კონკურენტული უპირატესობა გამარჯვებულ კომპანიას მოეპოვებინა", - აღნიშნავს აუდიტის სამსახური.

უწყებას ტენდერების მორგების ეჭვებს უმძაფრებს ის გარემოება, რომ სწორედ "Urban Motors"-ის მოთხოვნის საფუძველზე შეიცვალა სატენდერო დოკუმენტაციაში "გამოცდილების" შესახებ ჩანაწერი.

სპეცტექნიკა

იგივე კომპანია ფიგურირებს კიდევ ორ ტენდერში, რომელიც ორი ნაგავმზიდისა და ქუჩის დასაგველი ტექნიკისთვის გამოცხადდა. მერიამ ამ შემთხვევაშიც შეისწავლა ბაზრი, თუმცა აუდიტის სამსახურმა შემდეგი გარემოებები გამოავლინა:

  • მერიას, ბაზრის კვლევის ეტაპზე, ყველაზე დაბალი ფასი − 153 ათასი ლარი, შპს "განჯის საავტომობილო ქარხანამ" EURO 4-ის, ეკოლოგიური სტანდარტის ნაგავმზიდით შესთავაზა. მერიამ ​იხელმძღვანელა ამ კომპანიის წარდგენილი სპეცმანქანის კრიტერიუმებით, თუმცა ეკოლოგიურ სტანდარტად უფრო დაბალი საფეხური, EURO 2 ან EURO 3 მოითხოვა, რითაც შეზღუდა ამ კომპანიის მონაწილეობა ტენდერში;
  • ბაზრის ერთერთმა მსხვილმა მიმწოდებელმა შპს "თეგეტა თრაქ ენდ ბასმა" მერიას მისწერა, რომ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ნაგავმზიდის სამუხრუჭე სისტემა ზღუდავდა კონკურენციას და მიმწოდებელს საშუალებას არ აძლევდა რეალურად უკეთესი სამუხრუჭე სისტემის მქონე სატრანსპორტო საშუალებით მიეღო მონაწილეობა შესყიდვაში - მერიამ ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა;
  • თუმცა მერიამ დააკმაყოფილა "Urban Motors"-ის მოთხოვნა და "გამოცდილების" ნაწილში მოთხოვნა შეცვალა.

აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შპს "Urban Motors"-ის მიერ მიწოდებული სპეცტექნიკის საბაზრო ღირებულებასა და მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილ თანხებს შორის სხვაობა და დაადგინა, რომ მერიამ 410 ათასი ლარით მეტი გადაიხადა.

"საკითხის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მიმწოდებელს ზემოაღნიშნულ ტექნიკაში, ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით გადახდილი აქვს 1 329,2 ათასი ლარი, ხოლო მერიას მიაწოდა 1 740 ათას ლარად, 410,8 ათასლარიანი, (31%) ფასნამატით", - წერია დასკვნაში.

იმ დროს, რა პერიოდზეც აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში საუბრობს, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია იყო. მას და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს სხვა საქმეზე, ქრთამის აღებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის ამ დრომდე საპატიმროში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG