Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერძენიშვილი: მიშაც ცდება ხანდახან, პლებისციტზე ასეთი დარტყმით, შეცდა 


დავით ბერძენიშვილი
დავით ბერძენიშვილი

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხზე პლებისციტის გამართვის თემას ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი.

„პლებისციტის იდეა „ლელო"-ს ფორმატში (მანდატიანი პარტიები) საფუძვლიანად განიხილებოდა. რესპუბლიკელები უფრო ზომიერ სკეპტიკოსთა ფრთას მივეკუთვნებოდით, როგორც არაერთი სხვა ჯგუფი.

ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია პლებისციტს ენმ-მ მისცა - პარტიის უმაღლესი მმართველი ორგანოს, პოლიტსაბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. როგორც მახსოვს, ინიციატორი მანდატების რაოდენობით და ხმებით მეორე საარჩევნო სუბიექტი - „ევროპული საქართველო" იყო", - წერს „ფეისბუკზე" ბერძენიშვილი.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პლებისციტის იდეაზე უარის თქმით დაზარალდება „ნაციონალური მოძრაობა". დავით ბერძენიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა.

„ახლა პლებისციტის უკან წაღების ინიციატივა ოპოზიციას მკვეთრად დააზარალებს. მით უმეტეს, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ენმ-ს, რომელმაც ყველაზე მარალი ლეგიტიმაცია მისცა ამ საერთო ოპოზიციურ ინიციატივას.

პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას, გიორგი რურუას და საციხოდ გამზადებული ბევრი სხვა ადამიანის დახსნა დასავლეთის ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. და სწორედ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უპრეცედენტო წარმატებული სტარტი გასაძლერებელია და არა უნებურად ჩასაწიხლი.

ვადამდელი არჩევნების პოტენციური თარიღი 2022 წელია. პლებისციტის გარეშე თუ არ თანხმდება ამას ხელისუფლება, უნდა ვეცადოთ, მოვიგოთ პლებისციტი. მოგება კი მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებთან ერთადაა შესაძლებელი.

ან ის რა რთული მისახვედრია, რომ ხელისუფლება თუ იტყვის უარს „პოტენციური ვადამდელისთვის" პლებისციტზე და არც რაიმე სხვა ფორმით დაეთანხმება ვადამდელ არჩევნებს, სწორედ ის გამტყუნდება ბრიუსელის, ვაშინგტონის და სხვა დედაქალაქების თვალში.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან საკუთარ წინადადებაზე უარის თქმა, დააზარალებს საერთო საქმეს, ოპოზიციას და საკუთრივ ენმ-ს.

გადაწყვეტილებას პარტიაში იღებს პარტიის ოფიციალური ხელისუფლება. მაქვს ამის მოლოდინი, იმედიც და ვგულშემატკივრობ ნიკა მელიას. ასევე, სრულიად განსაკუთრებულია საერთაშორისო ასპარეზზე საერთო ოპოზიციური მთავარი ფიგურის - სალომე სამადაშვილის ძალისხმევა.

მიშაც ცდება ხანდახან, პლებისციტზე ასეთი დარტყმით შეცდა. დარწმუნებული ვარ ამაში. და ამის დანახვა აუცილებელია. ამით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ წონას არაფერი დააკლდება და ენმ, ოპოზიცია მთლიანად და ქართული საზოგადოება მოიგებს.

დასავლეთი-ხელისუფლება-ოპოზიცია

ამ ტრიადაში ის ორი იგებს, რომლებიც ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან. პოსტსაბჭოთა საქართველოს მთელი პოლიტიკური ისტორია ამას ადასტურებს!" - წერს „ფეისბუკზე" დავით ბერძენიშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ საქართველოს სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, -აღნიშნა მან.

4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც ოპოზიციამ ჯერ კიდევ დეკემბერში წარადგინა, ნათქვამი იყო:

„ვარიანტი 1. ახალი არჩევნების დანიშვნა 2021 წელს;

ვარიანტი 2: პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. პლებისციტი უნდა ჩატარდეს შეკითხვით: „უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად“. პასუხის ვარიანტები: „დიახ“ და „არა“.

იმ შემთხვევაში, თუ პლებისციტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დადებითად უპასუხებს პლებისციტში დასმულ კითხვას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების [საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის] გათვალისწინებით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG