Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმიდან ვრცელდება ცნობები ახრა ავიძბას დაკავების შესახებ


ახრა ავიძბა
ახრა ავიძბა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა დაკავებულია და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ იმყოფება. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ღამით ავიძბას ახლობლები და თანამოაზრეები ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ, ე.წ. შსს-ს პირად შემადგენლობაში კი განგაში გამოცხადდა.

აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ში რუსულ სააგენტო „ტასს“ განუცხადეს, რომ დაკავებულია შეიარაღებული პირების ჯგუფი, რომლის წევრები არ არიან „აფხაზეთის რესპუბლიკის“ მოქალაქეები. დე ფაქტო შსს-ს წარმომადგენლის ცნობით, ეს პირები „აფხაზეთის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას აპირებდნენ“. სააგენტო ძალოვან სტრუქტურებში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დაკავებულებს შორის ახრა ავიძბა არ არის.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილმა თანაშემწემ, ახრა ავიძბამ, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში, შეიარაღებულ სეპარატისტების ერთ-ერთ ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა, 4 მარტს სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 მარტს აფხაზეთში გაიმართა ახალი გაერთიანების, „ახალი ადამიანების“ დამფუძნებელი კრება და მან რეგისტრაციისთვის უკვე მიმართა „იუსტიციის სამინისტროს“.

2 მარტს ავიძბა მონაწილეობდა სოხუმში გამართულ აქციაში, რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ ქართულ მხარესთან დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის, ბენურ კვირაიას კონტაქტებს.

2021 წლის იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ახრა ავიძბა ძებნილად გამოაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურმა. ავიძბას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე მძიმე დანაშაული, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის შექმნა, ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და სასტიკი მოპყრობა.

ახრა ავიძბას მინიჭებული აქვს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდება. ის აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისშიც, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

2020 წლის ივნისში ახრა ავიძბა დანიშნეს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწედ საერთაშორისო საკითხებში. მან "თანამდებობა" 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ „საერთო საქმისადმი რწმენა დაკარგა".

2020 წლის ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე, სოჭში მყოფმა ავიძბამ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მოხალისეები გააცილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG