Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგზაურობა შინ დარჩენილებისთვის


“მოგზაურობა საბერძნეთში” (“ The Trip to Greece”, 2020, დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი მაიკლ ვინტერბოტომი)

პრობლემას ვერ გაექცევიო, გვითხრა ჭკვიანმა ხალხმა. თუმცა პრობლემისგან “გამგზავრება” შეიძლება - სადმე დასაკარგავში, ცხრა მთას იქით წასვლა. მოგზაურობა ხომ გზას ნიშნავს, გზა კი, თავადაა ცხოვრება, რომელიც ყველას გვაქვს გასავლელი. ერთგვარი არქეტიპია, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული. ამ გზაზე მეგზურიც თუ გყავს (როგორც ფსიქოთერაპევტი სეანსის დროს), ხომ მთლად კარგი, დაკარგვის არ შეგეშინდება. თუკი მარტო გიხდება მოგზაურობა, არც ეს უნდა იყოს დამღუპველი. ხიფათს გადალახავ და კიდევ უფრო მეტად იგრძნობ გადაადგილების სიამოვნებას. კი, პრობლემა დარჩება. კი, შენს თავს ვერ გაექცევი, მაგრამ პრობლემისთვის ადგილის შეცვლა (“ლოკაციის” - როგორც დღეს ამბობენ ხოლმე) მას მნიშვნელოვნად აუბრალოებს, ამსუბუქებს. დამიჯერეთ, მაგის გამოცდილება მაქვს.

რა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, აზრზე ხართ? ჯერ ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლება მოგვცეს, მერე შეზღუდვები დაგვიწყეს და ამასობაში კოვიდიც გვესტუმრა. არათუ მოგზაურობა აგვიკრძალეს, არამედ სახლებშიც გამოგვკეტეს. რა ვქნათ ახლა? როგორ ვებრძოლოთ ჩვენს პრობლემებს? ასე ვუყუროთ ჩვენს თავს სარკეში? ოჯახის წევრებს ვუყუროთ? სადღაც წავიკითხე, პანდემიამ და იზოლაციამ უამრავი ოჯახი დაანგრია, მნიშვნელოვნად იმატა ოჯახურმა ძალადობამო. აბა, რა იქნებოდა? გადაადგილება ხომ ადამიანს აკეთილშობილებს, პატიმრობა და მონობა კი აბოროტებს.

სილამაზე ნაღდად ვერ იხსნის სამყაროს. აი, მოგზაურობამ, სივრცის გარღვევამ, ახალ ადამიანებთან ურთიერთობამ კი ნამდვილად შეიძლება გვიშველოს.

ეს შანსიც წაგვართვა კოვიდმა. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. კინოს მოყვარულებს ხომ გახსოვთ ალფრედ ჰიჩკოკის “ფანჯარა ეზოს მხარეს”? ჯეიმს სტიუარტს, ცნობისმოყვარე ჟურნალისტს, რომელსაც გადაადგილება და ხიფათი მთლად მსოფლიოს ნომერ პირველ სილამაზეს, გრეის კელის, ურჩევნია, სიარულის უნარი დროებით წაერთვა. ჰოდა, რას აკეთებს, აბა, გაიხსენეთ - მოპირდაპირე სახლის ფანჯრებში იყურება და ასე “გადაადგილდება”. ესაა ჰიჩკოკისთვის კინო. და, მოდით, ვცადოთ, ჩვენც ვამოგზაუროთ ჩვენი მზერა, მაშინ, როცა სხეული ოთხ კედელშია ჩარაზული. მოდით, ისევ კინო დავიხმაროთ.

მაიკლ ვინტერბოტომისთვის ასეთი კინოთერაპია ყოველთვის მიმზიდველი იყო. კინოში მოღვაწეობა მან ჯერ როგორც კრიტიკოსმა, შემდეგ კი როგორც დოკუმენტალისტმა დაიწყო. გადაიღო შესანიშნავი ფილმი ინგმარ ბერგმანზე. მერე მხატვრულ კინოში სცადა ბედი და აქაც დოკუმენტურ ეფექტებს მიანიჭა უპირატესობა. თავის დროზე ეროტიკისაც არ შეეშინდა. “9 სიმღერა”, ალბათ, ბევრს გაქვთ ნანახი - უამრავ ქვეყანაში სურათი დღემდე პორნოგრაფიად ითვლება და აკრძალულია.

ვინტერბოტომი მუშაობდა განსხვავებულ ჟანრში, იღებდა სერიალებს და პოლიტიკურ პამფლეტებს. მაგრამ ბოლოს ყველა პროექტზე უარი თქვა და აირჩია ერთი - ფილმი-მოგზაურობის ჟანრი. დიახ, აირჩია არა იმდენად “როუდ-მუვი”, არა, უბრალოდ, “გზის ფილმი”, რამდენადაც კინო, როგორც კულტურის შემნახველი, კონკრეტულად კი ევროპული კულტურისა. ვინტერბოტომი არ წავიდა სადღაც შორს, ეგზოტიკურ ქვეყანაში, რასაც აკეთებს ყველა, როცა სადღაც დასაკარგავში გაქცევით ცდილობს უშველოს თავს. არა, ის დარჩა ევროპაში. უფრო სწორად, ევროპაში დატოვა თავისი “სამოგზაური კინოს” მთავარი გმირები, ბრიტანელი მსახიობები სტივ კუგანი და რობ ბრაიდონი. 2014 წელს გადაიღო “მოგზაურობა იტალიაში” (რობერტო როსელინის ამავე სახელწოდების ფილმის თავისუფალი ინტერპრეტაცია), 2017 წელს - “მოგზაურობა ესპანეთში” და ახლა -“მოგზაურობა საბერძნეთში”.

ევროპა გაერთიანდა და ევროპის ქვეყნები ნელ-ნელა ემსგავსებიან ერთმანეთს. ევროპის დედაქალაქების ცენტრში თითქმის ყველგან “ზარა” და “მანგოა” გახსნილი, ფეხით მოსიარულეთა ზონებიც ერთნაირია. უკვე ყავასაც ერთი გემო აქვს. აღარაფერს ვამბობ ფულზე - დასრულდა ფრანგული ფრანკისა და გერმანული მარკის ეპოქა. ფულიც ყველას ერთი აქვს ახლა!

ვინტერბოტომის სამშობლომ, თითქოს, თავის გადარჩენა სცადა და გამოვიდა ამ ზონიდან. მაგრამ მაიკლ ვინტერბოტომი ამბობს, რომ თავს ევროპელად გრძნობს, ევროპული კულტურის ნაწილად. ამ “სამოგზაურო” ფილმებში ცდილობს ფირზე აღბეჭდოს ის, რაც ხვალ შეიძლება დაიკარგოს - ევროპის ქვეყნების განსხვავებულობა, მათი ჯერ კიდევ ცოცხალი და განსაკუთრებული სახეები.

ვინტერბოტომის ახალ ფილმში კუგანი და ბრაიდონი, ბრიტანელი კომიკოსები, გადაწყვეტენ 6 დღეში გაიარონ ოდისევსის გზა. მერე რა, რომ ეს “ოდისეა”მოკლებულია ფათერაკებს, რომლებიც უხვად გვაქვს ჰომეროსთან. მერე რა, რომ ზღაპრული თავგადასავლების ნაცვლად ჩვენ ძირითადად თვალს ვადევნებთ ორ ბრიტანელს, რომლებიც რაღაცებს იხსენებენ და გაუთავებლად ხუმრობენ ბერძნულ რესტორნებში. ზოგჯერ მათი ხუმრობები ძნელი გასაგებია, მაგრამ ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა - ხუმრობას თუ ვერ იგებ, გარემოს “დაათვალიერებ”, დღევანდელი ბერძნების რეალურ ცხოვრებას ნახავ. თანაც, დეტალებში!

ვისაც დაკვირვება გიყვართ, იმის ყურება, როგორ იქცევიან უბრალო ადამიანები ყოველდღიურ ყოფაში, ვინტერბოტომის ფილმი ნამდვილად გესიამოვნებათ. მით უმეტეს, “აქ და ახლა” - კოვიდის გამო ჩამწყვდეულებს და შეშინებულებს. გესიამოვნებათ იმის ყურება, როგორ ერთობიან ადამიანები სამხრეთის თბილი მზის ქვეშ - ყოველგვარი სოციალური დისტანციისა და პირბადის გარეშე! ვისაც კარგი კინო ენერგიას გმატებთ, ასევე კმაყოფილი დარჩებით - ვინტერბოტომი, ფაქტობრივად, ექსპერიმენტს მიმართავს, ის ცდილობს დაუკავშიროს ერთმანეთს დოკუმენტური სიზუსტით აღბეჭდილი რეალობა (პირველ რიგში, კარგი დოკუმენტალისტია) და გათამაშებული (თუმცა იმპროვიზაციაზე გათამაშებული) დიალოგები ორი კომიკოსისა, რომლებიც არტისტების ნიღაბს დასვენების დროსაც კი არ იხსნიან. ისინი თამაშობენ, თვალთმაქცობენ, მათ ფონზე კი ხალხი ცხოვრობს. ისინი ერთობიან, დროში - უფრო სწორად, წარსულში - მოგზაურობას ცდილობენ, მაგრამ რეალური ცხოვრება ნელ-ნელა იჭრება ამ ოდისეაში. დოკუმენტურის და გათამაშებულის, ნამდვილის და გამოგონილის ამ დაპირისპირებაში ბოლოს ისევ რეალური იმარჯვებს. მას მაინც ვერ გაექცევი. ვერც ესპანეთში, ვერც საბერძნეთში და ვერც “დასაკარგავში”, როგორც არ უნდა შეგაწუხოს ამ რეალობამ. და სწორედ “აქ და ახლა” შექმნილ რეალობაში მოგზაურობაა, თურმე, ის, რასაც “სახიფათო მოგზაურობა” ჰქვია. ამას განვიცდით ახლა ჩაკეტილები ჩვენს სახლებში. მოგზაურობას საკუთარ თავში.

კარგი კინო ნამდვილად სასიამოვნოა, მაგრამ ამ სასტიკ და სახიფათო მოგზაურობას, ეტყობა, მართლაც ვერ გავექცევით.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG