Accessibility links

site logo site logo

თეა წულუკიანი ვახტანგ გომელაურს: კითხვა არ მაქვს, მადლობას გიხდით


"მე არ მაქვს კითხვა, მე საჯაროდ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა, თითოეულ მაშველს, პოლიციელს, თქვენი სისტემის თითოეულ თანამშრომელსა და პირადად თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის, შემართებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში დამიყენებია ჩემი თავი თქვენ ადგილას და მითქვამს, არა, მე ამას ასე ადამიანურად, ჰუმანურად, ამ მაღალი სტანდარტით, ალბათ, ვერ შევძლებდი", - ასე მიმართა ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და მოქმედმა პარლამენტარმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა "მინისტრის საათზე" პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს.

ამ გამოსვლის ფარგლებში თეა წულუკიანმა რჩევაც მისცა შინგან საქმეთა მინისტრს და უთხრა, რომ სამინისტროს მეტი და უკეთესი კომუნიკაცია მართებს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ინსტიტუციური პასუხისმგებლობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს, როგორც სტამბოლის კონვენციაზე ხელისმომწერ ქვეყანას, ვალდებულებები გადანაწილებული აქვს სხვადასხვა სტრუქტურაზე, და შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებში სხვა სტრუქტურებსაც აქვთ პასუხისმგებლობა, რომელთაგან თეა წულუკიანმა განათლების სამინისტროს ვალდებულებები აღნიშნა.

„კითხვა არ მაქვს, უბრალოდ, კარგი იქნებოდა, იდეას შემოგთავაზებდით, თუ ამას გაიზიარებდით, რომ განათლების სამინისტროსთან, სოციალურ სააგენტოსთან ცოტა უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რომ მუდმივად საზოგადოებას არ ეგონოს, რომ ნებისმიერი შემთხვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა და ბრალი. ჩვენ მოვახდინეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ძალიან დიდ დოკუმენტზე ხელმოწერის პატივი მე მხვდა წილად 2014 წელს სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს. არ გაგვიკეთებია „ქართულ ოცნებას“ ამ დიდი დოკუმენტის რატიფიცირება იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობა ისევ ყველას ეგონოს, რომ მხოლოდ პოლიციიის ბრალი და თემაა. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება სწორედ იმიტომ გავაკეთეთ, რომ ეს თემები გამხდარიყო უწყებათაშორისი თემები, როდესაც მასწავლებელს კლასში დადის, ის ქობულეთელი გოგო, რომელიც სკოლაში დადიოდა, მე მაინტერესებს და აქ რომ გვეყოლება მინისტრი, დავუსვამ კითხვას, რა გააკეთა მასწავლებელმა, ჩვენ პირდაპირ ჩავუწერეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისას კანონში მასწავლებელს და დირექტორს ვალდებულება, რომ ეს გამოავლინოს. რას აკეთებდა სოცმუშაკი, ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ სტამბოლში კონვენციის რატიფიცირება. თქვენ გაქვთ თქვენი კომპეტენციები, მე ამას არ უარვყოფ და პასუხიც გექნებათ, მაგრამ მუდმივად იმის ძახილი, რა გააკეთეთო, ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს თემა, ამას ემსახურება სტამბოლის კონვენცია, ამიტომ თქვენ ალბათ კარგი იქნებოდა, თუ მაქვს ამისი უფლება, რომ შემოგთავაზოთ, ამ უწყებებთან უფრო რაღაცნაირად თქვენ აიღოთ ინიციატივა, რომ ყველამ თავისი საქმე სათანადოდ შეასრულოს. მერი, სად იყო მერი, სად იყო მერის წარმომადგენელი იმ კონკრეტულ სოფელში თუ უბანში, არ იცოდა, ოჯახში რა ცოდვის განკითხვა ტრიალებდა? ეს არ არის ერთი ადამიანის და ერთი უწყების თემა, ეს არის უწყებათაშორისი საკითხი და იქნებ, თქვენ აღიმაღლოთ ამ მიზნით ხმა, რაშიც ჩვენც დაგეხმარებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს, 5 მარტს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. გომელაურმა სამინისტროს გეგმებსა და წარმატებებზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG