Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს მინისტრი: მელიას დასაკავებლად შენობაში 200 პოლიციელი იყო შესული


"შიგნით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი. იქ იყვნენ როგორც მაშველები, ასევე გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, მეხანძრეები, რომლებიც გარეთ იყვნენ, შიგნით არ შესულან. იყო საშიშროება, თუნდაც ცეცხლი გაჩენილიყო და რაღაც დიდი უბედურება მომხდარიყო შიგნით. მაგას თუ მოვითვლით ყველაფერს ერთად, შეიძლება ცოტა ბევრი მოეჩვენოს ადამიანს. შიგნით შესული, პირიქით, ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი დაგვხვდა შიგნით. ამაზე კადრებიც არის, თვითონაც აქვთ გადაღებული და ჩვენებსაც აქვთ გადაღებული", - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატ სოზარ სუბარის მიერ დასმულ კითხვას ნიკა მელიას დაკავების დროს გამოყენებულ საპოლიციო ძალასთან დაკავშირებით. ვახტანგ გომელაური პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში იმყოფება და დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ამ დრომდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაში შსს-ს ქვეუწყებების 3 000-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა.

სოზარ სუბარმა კითხვის დასმისას ნიკა მელიას დაკავებაზე თქვა, რომ უმაღლეს პროფესიულ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაცია იყო, თეა წულუკიანმა კი მინისტრს კითხვის დასმის ნაცვლად მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ როცა თავს მის ადგილას წარმოიდგენს ხოლმე, ხვდება, რომ ასე ჰუმანურად მოქცევა გაუჭირდებოდა.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან "უსამართლო გირაოს" გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

მელიას დაპატიმრების შემდეგ, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები განაახლეს და მოითხოვენ ნიკა მელიას გათავისუფლებას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ვადამდელ არჩევნებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მელიამ გირაოს გადაუხდელობით პატიმრობა თავად აირჩია და მის მიმართ მხოლოდ კანონი აღსრულდა. მმართველ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავენ.

XS
SM
MD
LG