Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი მელიას დაკავებაზე: უმაღლეს პროფესიულ დონეზე შესრულებული ოპერაცია იყო


"მთელი საქართველო და არა მხოლოდ საქართველო პირდაპირ ეთერში უყურებდა და შემიძლია, ყოველგვარი თამაშის გარეშე ვთქვა, რომ ეს იყო უმაღლეს პროფესიულ დონეზე შესრულებული ოპერაცია, როდესაც არც ერთ ადამიანს არ მიუღია არანაირი დაზიანება, ყოველ შემთხვევაში სერიოზული დაზიანება მაინც არავის მიუღია", - თქვა სოზარ სუბარმა პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის "მინისტრის საათში" მოსმენის ფარგლებში კითხვების დასმისას. ის ამავე გამოსვლისას დაინტერესდა, რა რაოდენობის საპოლიციო ძალები იღებდნენ მონაწილეობას მელიას დაკავების სპეცოპერაციაში და ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სამართლებრივი გამოსავალი, გარდა მისი დაკავებისა.

"პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ისმის ბევრი კითხვა, საჭირო იყო თუ არა, როგორ უნდა მომხდარიყო... მე მაქვს ასეთი კითხვა, რა შანსი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა რაიმე სხვა ფორმით, ის რომ არ უნდა აღსრულებულიყო, ამ კითხვას არ ვსვამ. ამასთანავე, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დიდი რაოდენობა საუბრობს, რომ რა საჭირო იყო ამდენი ადამიანი, ლაპარაკობენ რაღაც მითიურ ციფრზე - 3500 ადამიანზე. რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სინამდვილეში და რა იყო ის ოპტიმალური რაოდენობა და იყო თუ არა ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც იქნა გამოყვანილი, რომელიც ოპერაციის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა?" - იკითხა დეპუტატმა.

დღეს, 5 მარტს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. გომელაურმა სამინისტროს გეგმებსა და წარმატებებზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან "უსამართლო გირაოს" გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

მელიას დაპატიმრების შემდეგ, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები განაახლეს და მოითხოვენ ნიკა მელიას გათავისუფლებას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ვადამდელ არჩევნებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მელიამ გირაოს გადაუხდელობით პატიმრობა თავად აირჩია და მის მიმართ მხოლოდ კანონი აღსრულდა. მმართველ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG