Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კარტოგრაფების საქმეზე" დასკვნის შემდეგ პროკურატურა ამბობს, რომ სახალხო დამცველი მიკერძოებულია


"ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ", - ნათქვამია გენ. პროკურატურის 5 მარტის განცხადებაში.

პროკურატურამ ომბუდსმენის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის სტატუსით საქალაქო სასამართლოს თავისი მოსაზრება გაუგზავნა "კარტოგრაფების საქმეზე". ეს მოსაზრება სხვა ორ მოსაზრებასთან ერთად "კარტოგრაფების საქმის" არსებითი განხილვისას პირველ სასამართლო სხდომაზე განიხილეს მხარეებმა და მიუხედავად პროკურატურის სურვილისა, არ გამხდარიყო ის სისხლის სამართლის საქმის ნაწილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით საქმეს თან დაერთო და სახალხო დამცველი სასამართლოსთვის ზეპირი განმარტების გასაკეთებლად სასამართლოშიც იქნება დაბარებული პროცესის მსვლელობისას.

ნინო ლომჯარია "კარტოგრაფების საქმეზე" მომზადებულ დასკვნაში საუბრობს ამ საქმის პოლიტიკურ მოტივზე და იმაზე, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ მართლმსაჯულება არა მართლმსაჯულების, არამედ პოლიტიკური ინტერესებით უფრო მოქმედებს, და ადგენს ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას, რაც ბრალდებულების ადვოკატების თქმით, სახალხო დამცველის მხრიდან იშვიათი პრაქტიკაა.

სასამართლოსთვის გაგზავნილ მოსაზრებაში სახალხო დამცველი წერს, რომ "კარტოგრაფების საქმის" სწორ განსჯას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია როგორც უშუალოდ ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის, ისე - სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის სწორი განსაზღვრისთვის. ის იქვე მიუთითებს, რომ საქმის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ წარდგენილი ბრალდება შესაძლოა არღვევდეს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონიერების პრინციპსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ფუნდამენტურ ელემენტებს. ამასთან, მიუთითებს ომბუდსმენი, სისხლისსამართლებრივი დევნის მაღალი პოლიტიზებისა და წინასაარჩევნო პერიოდის დროს შესაძლო ინსტრუმენტად
გამოყენების გამო, აუცილებელი გახდა აღნიშნული საქმის შეფასება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომში - ევროპული სასამართლო) მიერ კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით დადგენილი ტესტით, კერძოდ, ხომ არ არსებობდა წინამდებარე საქმეში პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივი, რომელიც გადაწონიდა საქმის გამოძიების კანონიერ მოტივს და უკანონოდ აქცევდა ბრალდებულთა მიმართ მიმდინარე პროცესს.

სახალხო დამცველი თავის მოსაზრებაში ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე:

  • ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ისე წარედგინათ ბრალი არასწორი რუკების გამოყენების შინაარსით, რომ შემოთავაზებული რუკების ვარგისიანობა არც დადგენილა და არც მათი ვარგისიანობის კუთხით ექსპერტიზა დანიშნულა. ბრალდების მხარემ ექსპერტიზა დანიშნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუკების ვარგისიანობის შესახებ ექსპერტიზა დაცვის მხარემ დანიშნა.
  • მიუხედავად იმისა, რომ არც ბრალდებულებს და არც კომისიას გარეჯის მონასტრის შემადგენელ ნაწილებზე რაიმე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ და არც ოფიციალური ბრალდება შეიცავს შესაბამის მითითებას, დავითგარეჯის კომპლექსის ისტორიული და კულტურული ძეგლის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სწორედ მისი დაკარგვის „საფრთხეზე“ იქნა ყურადღება გამახვილებული.
  • ბრალდების შინაარსი და ამ დროისთვის შეკრებილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მხრიდან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ ან სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემისკენ მიმართული განზრახი ქმედებების ჩადენას. ბრალდების შინაარსობრივი ანალიზიდან იკვეთება, რომ კონკრეტული დარგის ექსპერტებს ბრალი წარდგენილი აქვთ იმისთვის, რომ მათ მიერ წარდგენილ საექსპერტო მოსაზრებას, რომლის მომზადების პროცესშიც მათ არავითარი ერთპიროვნული, შეუთანხმებელი, ფარული ან სხვა სახის აკრძალული ქმედება არ ჩაუდენიათ, არ ეთანხმება მოქმედი ხელისუფლება.
  • იმის გათვალისწინებით, თუ რა ინტენსივობით იყო მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდების საქმე გამოყენებული საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ წინამდებარე საქმეში კანონიერ მოტივთან შედარებით, პოლიტიკური მოტივი აშკარად უპირატესია.

სახალხო დამცველის მოსაზრება ეფუძნება საქმის მასალების 14 ტომის შესწავლის შედეგად მიღებულ სურათს. პროკურატურა თავის განცხადებაში მიუთითებს, რომ სურათი, რომელიც ომბუდსმენს ჰქონდა, არასრულია იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებობს 16 ტომი და ის არ გასცნობია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს - ამ მტკიცებულებებს ბრალდებულების დაცვის მხარეც წინასასამართლო სხდომამდე ერთი კვირით ადრე გაეცნო იმის გამო, რომ პროკურატურა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დასრულებიდან კიდევ ორი თვის განმავლობაში ამ მასალების არსებობას ასაიდუმლოებდა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების დიდი ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაშია მოპოვებული მოქმედი თანამშრომლების ფარული მიყურადების შედეგად.

"სახალხო დამცველის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებიდან და წარმოაჩენს მხოლოდ კონკრეტული პირების სუბიექტურ დამოკიდებულებას მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესისადმი. სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის სახელით ცდილობს შეითავსოს როგორც სასამართლოს, ასევე ცალკეულ ექსპერტთა ფუნქციები და უსაფუძვლოდ ცდილობს გააბათილოს და არასწორი შეფასება მისცეს ბრალდების მხარის მოპოვებულ ექსპერტიზის დასკვნებს. წერილობით მოსაზრებაში მტკიცებით ფორმაში აქვს დაფიქსირებული ისეთი დასკვნები, რაც მხოლოდ შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ ჩატარებული სრულყოფილი ექსპერტიზით შეიძლება დადგინდეს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული მოსაზრების დაუსაბუთებლობას და ცალმხრივობას. როგორც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, საქმეზე ამ ეტაპზე მიღებულია ორი კარტოგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც მუშაობდნენ დარგის წამყვანი პროფესორები და ექსპერტები, ერთ შემთხვევაში შვიდი, ხოლო მეორე შემთხვევაში რვა ექსპერტი ერთობლივად.

ამდენად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არის მიკერძოებული, სუბიექტურად აფასებს ფაქტებს და მტკიცებულებებს და ვერ შეფასდება, როგორც ობიექტური დამკვირვებლის და ექსპერტის მიერ შედგენილი დოკუმენტი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი მართლმსაჯულების გაუმჯობესების ერთ-ერთი აპრობირებული ინსტრუმენტია. სასამართლოს მეგობრის სტატუსით მომზადებული დასკვნის ავტორს უნდა ამოძრავებდეს სასამართლოს დახმარების სურვილი, მის მიერ რჩევის სახით სასამართლოსთვის შეთავაზებული კონკრეტული მოსაზრებები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და, შესაბამისად, სასამართლოს არ ეკისრება ამ ფორმატით მიღებული მოსაზრებების გაზიარების ვალდებულება. სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის სტატუსით ყოველწლიურად რამდენიმე საქმეზე წარადგენს ხოლმე თავის მოსაზრებებს. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის სტატუსით თავისი მოსაზრება წარდგენილი აქვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსაც. ეს დასკვნაც, ომბუდსმენის დასკვნის მსგავსად, კრიტიკულია სახელმწიფო ბრალდების მხარის მიმართ.

კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 2 მარტს დაიწყო. მომდევნო სასამართლო სხდომა თვის ბოლოს არის დანიშნული. არც ერთი ბრალდებული ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქმის არსებით განხილვამდე თითქმის 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ წინასწარ პატიმრობაში.

კარტოგრაფების საქმეზე გამოძიება 2020 წლის ზაფხულის მიწურულს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის მინისტრის წერილის საფუძველზე დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრია. საქმეს სასამართლოში არაერთ პოლიტიკურ საქმესთან დაკავშირებული მოსამართლე, დალი მეტრეველი განიხილავს. პროკურატურა კი ამ დრომდე იძიებს, ვისი დავალებით მოქმედებდნენ საქმის ბრალდებულები ქვეყნის საზიანოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG