Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზს არ მისცემს, ამბობს პაატა მანჯგალაძე


პაატა მანჯგალაძე

"ლეიბორიტული პარტიის" ოფისში მიმდინარე ოპოზიციური პარტიების შეკრებიდან გამოსვლის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ოპიზიცია ერთიანია გადაწყვეტილებაში და ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლისთვის. მისი ამ განცხადების ფონია, "ტვ პირველის" მიერ 6 მარტს გავრცელებული აუდიოჩანაწერი.

„ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ნორმალურ ქვეყანაში არა მხოლოდ მოლაპარაკების პროცესიდან, არამედ პრემიერმინისტრობიდან გადააყენებდნენ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ ახლა, დღეს, ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლის, საზოგადოება ჩვენგან ელოდება შედეგს და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება არის ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს. "ქართული ოცნების" განმარტებით, საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია.

ჩანაწერთან დაკავშირებით, 8 მარტს გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილობით მიმართა გენერალურ პროკურატურას პარტია "ლელომ". ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერისგან განმარტებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი, ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე აქცია გამართეს აქტივისტებმაც.

საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ - მას არც საქართველოს მთავრობა გამოხმაურებია.

პარლამენტარი, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საკმარისი საფუძველი არ არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG