Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რუხაძე: თუ მოლაპარაკებები ჩიხში შევა, ევროკავშირი "სადამსჯელო ღონისძიებებს" მიმართავს


გიორგი რუხაძე
გიორგი რუხაძე

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დირექტორი, გიორგი რუხაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან ელის, რომ პრემიერ-მინისტრი 16 მარტს ბრიუსელში ისეთი კონკრეტული შედეგით ჩავა, რომელიც პროგრესს აჩვენებს.

„ეს შეიძლება იყოს ნიკა მელიას გამოშვება, ან შეიძლება იყოს რაღაცა სიგნალები, რომ რაღაცა ფორმით ან პლებისციტზე ან რაღაცა მსგავსზე შეიძლება პოტენციურად თანახმა იყოს. ან რამე ასეთი. თუ ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამს, ეს იქნება ძალიან ცუდი იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის ასეთი მაღალი დონის ჩართულობა მე საერთოდ არ მახსოვს მარტო ევროკავშირის სახელმწიფოებში კი არა, ევროკავშირის გარშემო მსგავსი ტიპის კრიზისის მოგვარებაში“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ. მისი თქმით, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ქვეყნის ხელისუფლება ან გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს, ან გაფლანგავს და შემდეგ უკვე ამისთვის მიიღებს პასუხს:

„იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან ჩვეულებრივი პირდაპირი შეურაცხყოფა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის... იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი სისულელე არ იქნება ჩადენილი საქართველოს მხრიდან და თუ იქნება, ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელი იქნება ჩემთვის, რომელიც აღარ მჭირდება უკვე რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიციალური განცხადების შემდეგ. ჩემთვის უკვე აღარანაირი მინიშნება აღარ არის საჭირო, რომ პირდაპირ ვთქვა, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს, პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებში, რუსეთი გრძნობს თავს კომფორტულად. მეტსაც გეტყვით, იმავე განცხადებაში ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე არ მიჰყვება საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ასევე ჩანს განცხადება, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას ამ ფორმით. ამას კიდევ თუ დაემატება ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად ჩიხში შეიყვანს ამ მოლაპარაკებას და ევროკავშირს სხვა გზას არ დაუტოვებს, თუ არა „სადამსჯელო ღონისძიებები“ გამოიყენოს, მაშინ ყველაფერი ცხადზე ცხადი იქნება და უკვე არის“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ „დილის საუბრებში“.

9 მარტს ევროპარლამენტში საქართველოს პოლიტიკური კრიზისის შესახებ დებატები გაიმართა. 16 მარტს კი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს ფარგლებში შეხვედრა გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. მასზე დიალოგში მიღწეული პროგრესის განხილვა იგეგმება.

XS
SM
MD
LG