Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოსთხოვეს Russia Today-ის გერმანელ რეპორტიორს, საავადმყოფოში ნავალნიზე ეჯაშუშა


„მე საიდუმლო აგენტი არ ვარ“, - მისწერა დანიელ ლანგემ თავის ხელმძღვანელებს Russia Today-ში, როცა ისეთი დავალებები მისცეს, რომ, ალბათ, ვეღარ ხვდებოდა, ჟურნალისტი იყო თუ აგენტი. ამბავი, რომელიც გერმანელმა ფილმების ავტორმა და ჟურნალისტმა თავის მკითხველებს უამბო ახლახან გამოსულ წიგნში, სახელწოდებით Inside RT Deutsch: Putin’s Media Army in Germany, შეეხება რუსეთის ხელისუფლების მცდელობას, ჯაშუშობაში ჩააბას ჟურნალისტები.

წიგნში მოთხრობილი დანიელ ლანგემ გაუზიარა გერმანულ „ბილდს“ და უამბო, ასევე, რადიო თავისუფლებას.

„ბილდის“ შეფასებით, ჯაშუშობის ამბავი, რომელიც ლანგეს გადახდა თავს, წარმოუდგენელი რამაა.

დღემდე რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები გერმანიაში ანტიდასავლური პროპაგანდით იყვნენ ცნობილი, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ „ისინი დაკავებული არიან ჯაშუშური საქმიანობით გერმანიის მიწაზე“, წერს „ბილდი“.

გერმანელმა ჟურნალისტმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფ არხზე, Russia Today-ში, მის გერმანულ განყოფილება RT DE-ში (ნოემბრამდე RT Deutsch) მუშაობდა, განაცხადა, რომ მისმა დამსაქმებელმა მას სთხოვა ეჯაშუშა კრემლის ოპონენტ ალექსეი ნავალნიზე, როცა ის ბერლინის საავადმყოფოში მკურნალობდა რუსეთში მოწამვლის შემდეგ.

ლანგემ 2016 წლიდან მოყოლებული 20-მდე დოკუმენტური ფილმი გადაიღო RT DE-სთვის. ის 2021 წლის მარტამდე მუშაობდა გერმანიის საკონსტიტუციო უსაფრთხოების დაცვის სამსახურის მიერ „პროპაგანდისა“ და „დეზინფორმაციის“ გამავრცელებლად შეფასებულ არხში, რომელსაც თავისი ბიურო ჰქონდა ბერლინში. მისი კერძო სფერო იყო დანაშაულებრივ საქმიანობათა გამოძიება.

და ასეთი „გამოძიება“ დაავალეს მას უშუალო ხელმძღვანელებმა - მთავარმა რედაქტორმა დინარა ტოკტოსუნოვამ, მისმა მარჯვენა ხელმა, ეკატერინა მავრენკოვამ, და ონლაინრედაქციის ხელმძღვანელმა, ივან კლეპოვმა, რომლებმაც ტელეგრამში შექმნეს საგანგებო ჯგუფი N Berlin-ი (მოგვიანებით გადააკეთეს „Berlin Spezial-ად“).

„ჯგუფის შესახებ არავისთვის უნდა მეამბნა, რედაქციაშიც არავის უნდა სცოდნოდა. მეხუთე პირი ჩეტში ანონიმურად დარჩა და მთელი თვე აღარ გამოჩენილა“, ეუბნება „ბილდს“ ლანგე. და ეს ხდება უკვე ნავალნის ბერლინში ჩაყვანიდან ერთ დღეში.

თავიდან რეპორტიორი ლანგე ფიქრობდა, რომ მას და მის გერმანელ კოლეგას, რომელთანაც ადრე არ ემუშავა, უნდა გადაეღოთ ფილმი, დოკუმენტაცია ბერლინში ნავალნის ყოფნის შესახებ.

მაგრამ RT-DE-ს ხელმძღვანელმა, ტოკტოსუნოვამ, ჟურნალისტის იდეები უარყო და „საგანგებო დავალების“ დეტალები ამცნო.

ლანგემ უამბო გერმანიის მედიას, თუ როგორ დაავალეს, გამოეყენებინა თავისი ჟურნალისტური უნარები იმისათვის, რომ რაც შეიძლება ახლოს მისულიყო ნავალნის პალატასთან ბერლინის „შარიტეს“ საავადმყოფოში და „გადაეღო ფოტოები სამხედრო დაცვისთვის“.

არ ვიცი, იყო თუ არა ეს ჯაშუშობა, მაგრამ თავი გარკვევით ჯაშუშად ვიგრძენი...
ლანგე

რადიო თავისუფლებას ლანგემ უთხრა, რომ მის დავალებას „არ ჰქონდა ჟურნალისტური კონტექსტი“ და ამიტომ გაწყვიტა კონტრაქტი RT DE-სთან, რუსული არხის გერმანულ განყოფილებასთან.

მავრენკოვამ ლანგეს და მის კოლეგას სრულიად დაუფარავად მისწერა, „შევეცადოთ, ხვალ „შარიტეში“ (საავადმყოფოში, სადაც ნავალნის მკურნალობდნენ) შევაღწიოთო“. მისი შეთავაზებით, ჟურნალისტებს შეეძლოთ პაციენტებად გაესაღებინათ თავი და რომელიმე ექიმთან ჩაწერილიყვნენ კიდეც.

ლანგე დღეს ასე იხსენებს: „არ ვიცი, იყო თუ არა ეს ჯაშუშობა, მაგრამ თავი გარკვევით ჯაშუშად ვიგრძენი. თუ ყველა ფაქტორს შევხედავთ და გავთვლით: უცხოეთის ქვეყნის მთავრობა, სახელმწიფოს დაფინანსება, ხალხი, ვისაც ანგარიშს ვაბარებდი, სხვა ახსნა ამას არ აქვს“.

ლანგემ თქვა, რომ მას და მის კოლეგებს დაავალეს, შეემოწმებინათ, რამდენ „საკონტროლო-გამშვებ პუნქტს“ გაივლიდნენ, შეიძლებოდა თუ არა შეუმჩნევლად და ახლოს მისვლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებასთან, სადაც ნავალნი იწვა. „მე რამდენჯერმე ვუთხარი მათ, რომ არ ვარ საიდუმლო ჯაშუში და ვკითხე, თუ რა მომივიდოდა რუსეთში, ფარულად რომ გადამეღო ჯარისკაცები სამხედრო ჰოსპიტლის წინ“, უთხრა ლანგემ რადიო თავისუფლებას.

შემდეგ გადავწყვიტე წამოვსულიყავი და მეამბნა, რა ხდება კულისებს მიღმა...
ლანგე

ლანგე ამბობს, რომ განზრახ მიიქცია საავადმყოფოს წინ პოლიციის ყურადღება და უთხრა მათ, რომ რუსულ ტელეარხში მუშაობდა. ამის შემდეგ მას სხვა დავალება მისცეს, თვალყური ედევნებინა ნავალნის ფონდის ადმინისტრაციის უფროს ლეონიდ ვოლკოვისა და გამოძიების განყოფილების უფროს მარია პევჩიხისთვის, რომლებიც ბერლინში იმყოფებოდნენ.

ვოლკოვის ადგილსამყოფლის მიგნება ფოტოთი უაზრობა იყო, ჟურნალისტობა ამას არ სჭირდებოდა, რადგან ვოლკოვი არ იმალებოდა, ინტერვიუებს იძლეოდა, - უამბო ლანგემ რადიო თავისუფლებას, - თუ შეუთანხმებოდით, დაგელაპარაკებოდათ.
ამავე საუბარში ლანგე ამხელს, რომ მას და მის ოპერატორს Russia Today-ის ახალი ხელმძღვანელობა მიუთითებდა, რომ „ეჩვენებინათ გერმანიის ცუდი მხარე“ არა რეპორტაჟების, არამედ მოკლე კლიპების სახით.

„შემდეგ გადავწყვიტე წამოვსულიყავი და მეამბნა, რა ხდება კულისებს მიღმა“, ამბობს ლანგე, რომლის მონათხრობის გამო ახლა, როგორც RT-მ გამოაცხადა, ის აპირებს, სასამართლოში უჩივლოს „ბილდს“, სადაც ჟურნალისტმა თავისი ბრალდებები გამოამზეურა.

ლანგე ამ კვირაში გამოქვეყნებულ წიგნში, „Inside RT Deutsch: Putin’s Media Army in Germany”, იხსენებს ორწლიან საქმიანობას არხზე და ასევე დაწვრილებით ჰყვება „ნავალნიზე ჯაშუშობის“ ამბავს. ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ მასზე მოახდინონ ზეწოლა და წიგნის ბაზრიდან ამოღება დააკისრონ, მაგრამ, უთხრა ლანგემ რადიო თავისუფლებას, ის აპირებს, „იბრძოლოს“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნავალნი ციმბირში მოწამვლის გამო ბერლინში მკურნალობის შემდეგ, 17 იანვარს, რუსეთში დაბრუნდა და იმავე დღეს დააპატიმრეს აეროპორტში.

ნავალნი ამტკიცებს, რომ მისი მოწამვლა უშუალოდ ვლადიმერ პუტინის მიერ იყო ნაბრძანები.

რუსეთის უშიშროების სამსახური და კრემლი უარყოფენ, რომ მათ რაიმე კავშირი ჰქონდათ მოწამვლასთან.

თებერვალში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო პირობითი სასჯელის წესების დარღვევაში და პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა. მას ორ წელიწადზე მეტხანს მოუწევს კოლონიაში ყოფნა. თვითონ პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც „ივ როშეს“ საქმედაა ცნობილი, შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია.

დაბოლოს, Russia Todays-ს YouTube-ის დახასიათება, რომელიც „შპიგელს“ ეკუთვნის: „RT DE (Russia Today Deutsch) 2014 წლის შემდეგ ავრცელებს გერმანიაში პროპაგანდას, რომელსაც კრემლი აფინანსებს, და ცდილობს, შეამციროს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობა. პლატფორმა არ ავრცელებს უბრალოდ შეთითხნილ ყალბს ამბებს - დეზინფორმაცია ბევრად უფრო ნატიფია. რეპორტიორები ამახინჯებენ და უგულებელყოფენ ფაქტებს, რითაც ხელისუფლების, პოლიტიკოსებისა და ავტორიტეტული მასმედიის მიმართ უნდობლობას თესავენ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG