Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის განცხადებით, კიევიდან მიხეილ სააკაშვილი ახდენს „ტვ პირველის“ სუბსიდირებას


ირაკლი კობახიძე

„ტვ პირველს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიას უწოდებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ის ჩანაწერების გამოქვეყნებას, სწორედ, ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.

„ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობდა ქულების დაწერას ჩანაწერის გამოქვეყნებით, თვითონვე წამოეგო“, - თქვა კობახიძემ და დააზუსტა, რომ გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობას.

როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე „რუსთავი 2“-ის ეთერში აცხადებს, „ტვ პირველი“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ერთ-ერთი ტელევიზია, ისევე, როგორც „მთავარი“.

შეკითხვაზე, რითი შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ? კობახიძე პასუხობს: „ყველაფრით, მათ შორის, დაფინანსებით. „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს ამ ტელევიზიის სუფსიდირებას. მოგებაზე ვერ მუშაობს ეს ტელევიზია. კიევიდან მიხეილ სააკაშვილისგან [ფინანსდება]. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს კობახიძე და განაგრძობს - „თქვენ როგორ გგონიათ, მიხეილ სააკაშვილი, როგორ მართავს მთლიანად ვითარებას ოპოზიციაში? რატომ არის ის მთავარი, ასე ვთქვათ, ყველაზე გავლენიანი პირი ოპოზიციაში? მას აქვს ორი რესურსი - ეს არის ფული, მილიონები, რომელიც ქართველ ხალხს მოპარა, წაღებული აქვს და ხარჯავს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის, საქართველოში და ეს არის მედიარესურსი, რომელიც, მათ შორის, ამ მოპარული ფულით ფუნქციონირებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია“.

11 მარტს, ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

კერძოდ:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG