Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი: "ევროკავშირი კვლავაც გვერდში უდგას საქართველოს ვირუსთან ბრძოლის გზაზე“


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ულოცავს საქართველოს ვაქცინის პირველი დოზების შემოტანას და ხაზს უსვამს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფები ძალზე ინტენსიური პოლიტიკური მედიაციის პროცესში კრისტიან დანიელსონთან ერთად, ვულოცავ საქართველოს, 43 000 ვაქცინის დოზის მიღებას კოვაქსის პლატფორმის საშუალებით.

ევროკავშირი და ევროპის გუნდში შემავალი პარტიორები კოვაქსის ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერები არიან. მათ 2.2 მილიარდი ევრო გამოყვეს ვაქცინების სამართლიანად გავრცელების მიზნით. ვამაყობ, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა ამ პლატფორმის საშუალებით“.

იმისათვის, რომ ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის განაწილება სწრაფად მოხერხდეს, ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მთავრობას ტრენინგის, რჩევებისა და ლოგისტიკური მხარდაჭერის გზით. განცხადებაში ელჩი ჰარცელი აღნიშნავს, რომ პანდემიის დასაწყისიდანვე, ევროკავშირი და ევროპის გუნდი საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერები არიან და ფინანსურად ეხმარებიან როგორც მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ისე უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ ინიციატივებს და კერძო სექტორის ძალისხმევას.

„საქართველოსთვის გამოყოფილი ეს მხარდაჭერის პაკეტი ყველაზე დიდია ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული დახმარების თვალსაზრისით. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატული სოლიდარობის მანიშნებელია.

ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის წინაააღმდეგ ბრძოლაში და იმედს გვისახავს. ევროკავშირი კვლავაც გვერდში უდგას საქართველოს ვირუსთან ბრძოლის გზაზე“, - ნათქვამია კარლ ჰარცელის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG