Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰის ტურნირზე ჩემპიონი გახდა და საჩემპიონო კომენტარისას შვილს მიმართა


დოჰის ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა. მსოფლიოს რეიტინგში ორმოცდამეორე ადგილზე მყოფმა 29 წლის ქართველმა საჩემპიონო ბრძოლაში მსოფლიოს მეცამეტე ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი ისე დაამარცხა, ერთი ბრეიკიც კი არ შეასრულებინა. პირველ სეტში საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა და გადამწყვეტ გათამაშებაში ბასილაშვილმა 7:5 იმარჯვა. მეორე სეტში კი მეტოქეს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო (6:2).

ყატარში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 1 153 560 იყო, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალამდე ოთხი ეტაპი გაიარა. შეჯიბრება ავსტრალიელი ჯონ მილმანის ძლევით (6:4, 6:2) გახსნა. შემდეგ მოუგო ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2). მეოთხედფინალში მოახდინა ტურნირის უდიდესი სენსაცია - დაამარცხა თანამედროვე მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (3:6, 6:1, 7:5). ნახევარფინალში კი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს სძლია (7:6, 6:1).

დაჯილდოვების ცერემონიალისას გაკეთებულ ტრადიციულ კომენტარში, ქართველმა ჩოგბურთელმა ტრადიციული მადლობების შემდეგ, ორგანიზატორებს სთხოვაა, რომ სურდა, რამდენიმე სიტყვა ქართულად ეთქვა.

„ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ძალიან მიყვარხარ და მენატრები“ - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

საქართველოს ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელს დოჰის ტურნირამდე სპორტულ კარიერაში ხანგრძლივი ჩავარდნა ჰქონდა. ამ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი მისი ოჯახური პრობლემაა. ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი და გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG