Accessibility links

site logo site logo

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ნატოს ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

17 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.

სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გამგზავრებამდე ვერ მოხერხდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებული დიალოგი 12 მარტიდან გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა. მისი ვიზიტი გუშინ, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ევროკავშირის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს დღესაც გააგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG