Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის სასამართლოს თანახმად, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების შეუძლებლობა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება


იაპონიის ქალაქ საპოროში სასამართლომ 17 მარტს დაადგინა, რომ ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების შეუძლებლობა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა ჰომოსექსუალი წყვილის სარჩელზე. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ მათი უფლებები შეზღუდულია ჰეტეროსექსუალ წყვილებთან შედარებით. კერძოდ, პარტნიორებს არ შეუძლიათ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საქორწინო ურთიერთობაში ყოფნა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ქორწინების შეუძლებლობა ეწინააღმდეგება იაპონიის კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ადამიანების თანასწორუფლებიანობას კანონის მიმართ და დისკრიმინაციისგან მათ დაცვას.

ლგბტ თემის წარმომადგენლები მიესალმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და დიდ გამარჯვებად მიიჩნევენ მას. თუმცა ეს გადაწყვეტილება პარლამენტს პირდაპირ არ ავალდებულებს კანონმდებლობის შეცვლას.

„დიდი შვიდეულის“ წევრ ქვეყნებს შორის იაპონია უკანასკნელია, სადაც ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება ან პარტნიორობა არ არის აღიარებული სახელმწიფო დონეზე. რამდენიმე წლის წინათ ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა დაიწყო ერთი და იმავე სქესის პარტნიორობის რეგისტრაცია, მაგრამ ეს პრაქტიკა არ ვრცელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების მოწინააღმდეგეები იშველიებენ კონსტიტუციის სხვა მუხლს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქორწინება შეიძლება შედგეს მხოლოდ ორივე სქესის პირთა თანხმობით. მაგრამ იურისტები, რომლებიც იცავენ მოსარჩელეთა პოზიციას საპოროს სასამართლოში, აცხადებენ, რომ ეს ნორმა მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ქორწინება არ შეიძლება შედგეს დაძალებით, ხოლო კანონი არ ამბობს, რომ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება არ შეიძლება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, იაპონიის მოქალაქეთა უმრავლესობა მხარს უჭერს ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას.

XS
SM
MD
LG