Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მიიღებს ექთანს, რომლის მდგომარეობაც აცრის შემდეგ დამძიმდა


ლალი ტურძელაძე
ლალი ტურძელაძე

ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელიც ახალციხიდან გადმოჰყავს კატასტროფის მედიცინის ჯგუფს, თბილისში მიიღებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა. კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ცნობით, საავადმყოფოში არ იყო თავისუფალი ადგილები, მაგრამ შეძლეს მისი გამოთავისუფლება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ექთნის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევის შესახებ. როგორც გამყრელიძე ამბობს, ამჟამად მისი მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

გამყრელიძის თქმით, დღეს, 18 მარტს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში 12:15 წუთზე აიცრა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი. 28 წლის ქალი, რომელიც, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ანამნეზის მიხედვით, სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს.

„სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის. სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა ექიმებთან წინასწარი საუბრით, უფრო გვეუბნებიან, რომ ჰგავდა ეს ანაფილაქსიურ რეაქციას", - თქვა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ თქვა, 19:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარდება იმუნიზაციის სამედიცინო კომიტეტისა და იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელშიც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიიღებს მონაწილეობას.

„განხილული იქნება რამდენიმე ძირითადი საკითხი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით.

შეკითხვაზე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შეჩერება იგეგმება თუ არა? გამყრელიძე პასუხობს: „სხდომაზე იქნება განხილული და მიღებული გადაწყვეტილებები".

ამჟამად საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომლის პირველი პარტია - 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა.

COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, საქართველოში 18 მარტის დილის მონაცემებით სულ აცრილია ჯანდაცვის სფეროს 3 054 წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG