Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირბადის ტარების მაჩვენებელი  საგანგაშო ნიშნულზეა - ვინ და როგორ ითვლის მონაცემებს   


2021 წლის იანვარი, ამირან გამყრელიძე:

„ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში დადებითი ტენდენციებია - ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75 %-ზეა ასული. თუ ჩვენ 95 %-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გვექნება და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოვალთ“.

2021 წლის თებერვალი, ამირან გამყრელიძე:

„ბოლო კვირაში გვაქვს [პირბადის ტარების მაჩვენებლის] კლება 66 %. რადგან ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, კვლავ ვქმნით ილუზიას, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხეთ. არადა, 400 ყოველდღიური შემთხვევა არ არის ცოტა საქართველოსთვის”.

2021 წლის მარტი, ამირან გამყრელიძე:

„43 %-ზე ჩამოსვლა ჩათვალეთ, რომ არის საგანგაშო, განსაკუთრებით ამ შემსუბუქებების ფონზე, და შეიძლება ეპიდვითარების გაუარესებამდე მიგვიყვანოს“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამ განცხადებებიდან ცხადი ხდება, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი თითქის განახევრდა. რამდენად ზუსტია ეს მონაცემები და რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს?

რადიო თავისუფლების კითხვებს უპასუხებს ნათია სხვიტარიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კონსულტანტი საზოგადოებრივი და გლობალური ჯანმრთელობის საკითხებში.

ქალბატონო ნათია, ვინ და როგორ ითვლის, გვიკეთია თუ არა პირბადე?

ერთ-ერთი ძირითადი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეყრდნობა, ეს არის ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მონაცემი.

ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტი (IHME)

(IHME) - ეს არის მოსახლეობის ჯანმრთელობის კვლევის დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვაშინგტონის უნივერსიტეტში, რომელიც იკვლევს მსოფლიოში მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვან ჯანმრთელობის პრობლემებს, აფასებს და ადგენს მათი გადაწყვეტის სტრატეგიებს, რომელსაც ფინანსურად მხარს უჭერს ბილ და მერილინ გეითსების ფონდი.

პანდემიამ აჩვენა, რომ ამ ინსტიტუტის მონაცემები ყველაზე სანდო და რეალურ მაჩვენებელთან მიახლოებულია. ერთ-ერთი კომპონენტი, რასაც ყოველკვირეულად გვაწვდის IHME, სწორედ ნიღბის მოხმარების მაჩვენებელია.

როგორ იზომება პირბადის გამოყენების სიხშირე?

თავისი საშუალებები, კვლევის ინსტრუმენტები აქვთ შედეგის მისაღებად. ამ პროცესში ჩართული ჰყავთ მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევრები, „კაიზერის ფონდი“. ერთ-ერთი, რასაც მონაცემების შესაგროვებლად „გლობალ სარვეი“ მიმართავს, ეს არის ფეისბუკის კვლევა და სოციალური გამოკითხვები. გარდა ამისა, ჩვენც, NCDC -ის დაავადებათა კონტროლის ხელშეწყობის დეპარტამენტი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით, პერიოდულად ვაკეთებთ სოციოლოგიურ გამოკითხვებს, რაშიც იუნისეფია ჩართული. ამ მონაცემებს შედარებისთვის ვუგზავნით IHME- ს. ფაქტობრივად, ერთსა და იმავე მაჩვენებელს ვიღებთ.

როგორი მდგომარეობაა პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით?

პირბადის ტარების კუთხით, სინგაპური არის საუკეთესო მაგალითი, რომლისკენაც ყველა უნდა ვისწრაფოდეთ, რადგან ისეთი მარტივი და იაფი საშუალებით, როგორიც პირბადეა, მათ 95 %-იან მაჩვენებელს მიაღწიეს და შეძლეს ვირუსისგან თავდაცვა.

საქართველოში ზაფხულში დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, მაგრამ შემოდგომის დადგომასთან ერთად, მეორე ტალღის დროს, რეგულაციებისა და აქტიური კომუნიკაციის პირობებში მივაღწიეთ 72 % მაჩვენებელს, რაც იდეალური არაა, მაგრამ კარგი შედეგია. ზოგადად, ითვლება, რომ 70 %-ს ზემოთ პირბადის გამოყენების სიხშირე არ არის ურიგო მაჩვენებელი.

ნოემბერ-დეკემბერში მივაღწიეთ 75 %-ს. 50 %-ს ქვევით პირბადის ტარების მაჩვენებელი არის ძალიან საყურადღებო, ჩვენ კი, ბოლო 2 კვირის მონაცემებით, 42 % გვაქვს.

რა გახდა ამის მიზეზი?

შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ალბათ, მოსახლეობამ ჩათვალა, რომ პანდემია გვერდზე გადავდეთ. ფაქტობრივად, აზრს კარგავს ასეთ ვითარებაში პირბადის ტარება, რადგან 2 ადამიანიდან ერთს მაინც არ უკეთია პირბადე, რაც ძალიან ცუდია.

ჩვენ იმ მონაცემებსაც ვგზავნით, რაც დაკავშირებულია პანდემიის მართვასთან, და აქაც გაუარესებულია მაჩვენებლები.

მობილობა 69 %-მდე უნდა იყოს შემცირებული, ახლა კი არის 21 %. მობილობაში იგულისხმება პარკში სეირნობა, საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარული და ა.შ.

შესაძლოა, კონტროლის მექანიზმებიც იყოს მიზეზი. ადრე უფრო მესმოდა, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ვინმე დააჯარიმეს.

რა შედეგი შეძლება მოჰყვეს ამ ტენდენციას?

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება, რაც არავის გვინდა.

რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ სიტუაცია შეიცვალოს?

გამოსავალია მოსახლეობასთან მეტი მუშაობა, ცნობიერების ამაღლება და ინდივიდუალურ დონეზე პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერება; პარალელურად კი - სხვა პრევენციული ღონისძიებების აღსრულების გაძლიერება და კონტროლი; ამასთან ერთად, აცრების პრომოცია.

საქართველოში, 18 მარტის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი, 23 747 ტესტირებიდან კი გამოვლენილია კორონავირუსის 369 შემთხვევა.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG