Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ახალგორს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


ახალგორი
ახალგორი

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ვლადიმერ გულიევი დანიშნა. ამ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. გულიევმა ამ პოსტზე ვიტალი მამიტოვი შეცვალა, რომელიც დაბას 2019 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა და ბოლო დროს ის უსიამოვნო ინციდენტში მოხვდა. მამიტოვმა სარვამარტო ღონისძიებაზე ახალგორელ ახალგაზრდებთან იჩხუბა. ამ ჩხუბში რუსეთის საოკუპაციო ძალების ახმაჯის ბაზის წვევამდელებიც მონაწილეობდნენ.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მამიტოვი თვითონ მონაწილეობდა ახალგაზრდების ცემაში, თუმცა განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა. მის მიერ „ფეისბუკში" გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, მასობრივი ჩხუბის მონაწილეები პირიქით მამიტოვს ურტყამდნენ.

რაც შეეხება მამიტოვის შემცვლელს, იგი ბოლო დრომდე დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა. ვლადიმერ გულიევი 2014-19 წლებში ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, გულიევი ადგილობრივ სპეციფიკას კარგად იცნობს და იცის მოსახლეობის პრობლემების შესახებ. წყარო იმასაც გვატყობინებს, რომ გულიევი დაბაში მუშაობის პერიოდში გზის გახსნის მომხრე იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ამიტომ ახალგორელებში გარკვეული იმედი გაჩნდა, რომ გულიევის დანიშვნით, ეს პრობლემაც მოგვარდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა უნდა მიიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG