Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW-მა აზერბაიჯანს მოუწოდა, გამოიძიოს ყველა ბრალდება სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ უკანონო მოპყრობის თაობაზე


კადრი აზერბაიჯანში გამოქვეყნებული ვიდეოდან, რომელზეც გამოსახული არიან აზერბაიჯანელი სამხედროები სომეხ სამხედრო ტყვესთან ერთად. 2020 წ. 23 ნოემბერი.
კადრი აზერბაიჯანში გამოქვეყნებული ვიდეოდან, რომელზეც გამოსახული არიან აზერბაიჯანელი სამხედროები სომეხ სამხედრო ტყვესთან ერთად. 2020 წ. 23 ნოემბერი.

Human Rights Watch-მა (HRW) აზერბაიჯანს მოუწოდა, გამოიძიოს მის წინააღმდეგ გამოთქმული ყველა ბრალდება სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ უკანონო მოპყრობის თაობაზე შარშან შემოდგომაზე ორ მხარეს შორის შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში და დამნაშავეები დასაჯოს.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა, ამის თაობაზე 19 მარტს გაავრცელა განცხადება. მასში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომეხ სამხედრო ტყვეებს „სასტიკად და დამამცირებლად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ მათი შეპყრობის, მათი ტრასპორტირების ან პატიმრობაში ყოლისას“.

განცხადების თანახმად, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა სომეხი სამხედრო ტყვე და სამოქალაქო პირი და წარმოადგინოს ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც აზერბაიჯანის პატიმრობაში ნახეს უკანასკნელად.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის, ჰიუ უილიამსონის თქმით, „დაკავებული სომეხი ჯარისკაცების მიმართ უკანონო მოპყრობა, მათ შორის - წამება, საზიზღარი საქციელია და სამხედრო დანაშაულია“.

Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ მან ინტერვიუ აიღო ოთხ ყოფილ სამხედრო ტყვესთან, რომელთა თქმით, მათ „ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რეგულარულად სცემდნენ“ აზერბაიჯანის ციხეში ყოფნისას.

Human Rights Watch-ს მოჰყავს ასევე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ ეპყრობიან აზერბაიჯანელი ოფიცრები სამხედრო ტყვეებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG