Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა


28 წლის ახალციხელი ექთნის მეგო ბაქრაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„უდიდეს გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ყველამ განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა, დიდი დარტყმა, რომელიც მთელმა საქართველომ მიიღო. ჩვენმა ექიმებმა დაკარგეს ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას. გულწრფელად თანავუგრძნობ და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებ მთელ სამედიცინო საზოგადოებას", - წერს „ფეისბუკზე" ღარიბაშვილი.

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს შუადღისთვის გული მეორედ გაუჩერდა.

18 მარტს, მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციასა და სიკვდილს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტო. ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო "ასტრაზენეკას" ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა. 19 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა ჯანდაცვის სექტორის 3642-მა წარმომადგენელმა. ასაცრელად დარეგისტრირებულია 5158.

XS
SM
MD
LG