Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისო ბოლქვაძე: ადამიანები დაიღალნენ პოლიტიკური უთანხმოებებით, ხელოვნება აერთიანებს


ელისო ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კულტურის ახლადშექმნილი კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ ადამიანები დაიღალნენ რყევებითა და პოლიტიკური უთანხმოებებით და ხალხს სულიერი საზრდო ხელოვნებამ უნდა მიუტანოს:

"დიდი მოლოდინებია, დიდი გამოწვევებია და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ხელოვნება ემსახუროს ხალხს და მივიდეთ აუცილებლად ადამიანებთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად შეეხო და ვისაც სჭირდება ნამდვილად სულიერი საზრდო და ეს მე მგონი ყველას გვჭირდება სულიერი საზრდო. იმიტომ რომ ადამიანები დაიღალნენ ამდენი რყევებით, პოლიტიკური უთანხმოებებით. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნება აერთიანებს და ხელოვნებამ უნდა მოუტანოს ადამიანებს ის სულიერი საზრდო, რაც ასე გვჭირდება ყველას და განსაკუთრებით ჩვენს მომავალ თაობას", - უთხრა ჟურნალისტებს ელისო ბოლქვაძემ.

დღეს პარლამენტის ახლადშექმნილი კულტურის კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად დეპუტატები ირაკლი მეზურნიშვილი და ქეთევან დუმბაძე აირჩიეს.

საქართველოს პარლამენტის ახლადშექმნილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე 18 მარტს აირჩიეს. თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ელისო ბოლქვაძეს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციისა და ორ უწყებად ჩამოყალიბების პარალელურად, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიც ორ ნაწილად გაიყო.

კულტურის კომიტეტი პარლამენტში მოქმედი რიგით მეთექვსმეტე კომიტეტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG