სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გენერალ არტაკ დავთიანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დანიშვნა „კანონიერ ძალაში“ შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
ნიკოლ ფაშინიანმა 10 მარტს გაუგზავნა შესაბამისი წარდგინება გენერალ დავთიანის გენერალური შტაბის უფროსად დანიშვნის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც ეს წარდგინება არ მიიღო და შენიშვნებით უკან დაუბრუნა პრემიერ-მინისტრის აპარატს.
12 მარტს ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტს გაუგზავნა დასაბუთებული წარდგინება, რასაც არმენ სარქისიანის მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სომხეთის პრეზიდენტმა არ მოაწერა ხელი არტაკ დავთიანის დანიშვნას, მაგრამ არც საკონსტიტუციო სასამართლოში გაუსაჩივრებია ეს საკითხი, 22 მარტს დავთიანის დანიშვნის ბრძანება კანონიერ ძალაში შესულად ითვლება“, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
გენერალი დავთიანი გენერალურ შტაბის უფროსის პოსტზე შეცვლის გენერალ ონიკ გასპარიანს, რომლის თანამდებობიდან მოხსნა პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის პრეზიდენტის უთანხმოების მიზეზად იქცა.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს 25 თებერვალს წარუდგინა განკარგულების პროექტი, გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შესახებ. სარქისიანმა ფაშინიანის განკარგულება ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია, ხელი არ მოაწერა და შენიშვნებით დაუბრუნა. 28 თებერვალს პრემიერ-მინისტრის აპარატმა პრეზიდენტს დოკუმენტი ხელმეორედ გაუგზავნა დასაბუთების წერილთან ერთად, თუმცა, სარქისიანმა ხელი არც ამ დოკუმენტს მოაწერა.
ფაშინიანმა გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღო, მას შემდეგ, რაც გენერალურმა შტაბმა მისი გადადგომა მოითხოვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მანამდე გენშტაბის მოთხოვნა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
სომხეთში კრიზისის ცენტრშია აზერბაიჯანთან შეთანხმება, რომელიც რუსეთის შუამავლობით გაფორმდა ნოემბერში მთიანი ყარაბაღისთვის ექვსკვირიანი ბრძოლების შემდეგ, რამაც ბოლო მოუღო საბრძოლო მოქმედებებს მეზობელ ქვეყნებს შორის. სომხეთში ბევრი თვლის, რომ ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება დამარცხების აღიარება იყო.
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გენერალური შტაბის ახალი უფროსის დანიშვნა „კანონიერ ძალაში“ შევიდა

ყველაზე პოპულარული
1