Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე: გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ტიპის კადრები არსებობს


ანა დოლიძე
ანა დოლიძე

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე მოითხოვს, გამოძიებამ დაადგინოს, რა ტიპის კადრები არსებობს მის ბინაში ფარული თვალთვალითა და მიყურადებით მოპოვებული მასალებით. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ანა დოლიძემ განაცხადა, რომ კითხვა ბევრია და გამოძიება საჭიროა იმისთვის, რათა დადგინდეს, რა ტიპის ოპერაცია იყო, ვინ დაუკვეთა ეს ოპერაცია, რა იყო მოტივაციის მოტივი და სად არის, განადგურდა თუ არა მასალები. ანა დოლიძე გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის ჩართვას მოითხოვს:

„რა თქმა უნდა, მარტო პროკურატურის გამოძიების მე არ მჯერა, როგორ დაკითხავენ ამ პირს, ახლა გასაგებია. ისე დააპატიმრეს და ისე მიუსაჯეს, რომ საიდუმლოთი იყო საქმე და ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო. ჩართონ შიგნით სახალხო დამცველი და ისე წავიდეს ამ საკითხზე მსჯელობა. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი რეაქცია და დააფიქსირონ მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ, იმიტომ, რომ "ოცნებამ" დაინახოს, რომ აქ არის წითელი ხაზი და მათ აქ არაფერი არ გაუვათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ანა დოლიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

გასულ შაბათსა და კვირას "TV პირველმა" და "მთავარმა არხმა" მოამზადეს მასალები, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კახაბერ საბანაძე ფიგურირებდა. ინფორმაცია მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 23 მარტს გავრცელდა."TV პირველის" ინფორმაციით, მათ წყარომ მიაწოდა ჩანაწერები, რომლითაც 2019 წლის აქციის ხელშეშლა და ტექნიკის დაზიანება საბანაძის დავალებით ხდებოდა. მსგავსი ინფორმაცია კონკრეტულ პირზე (სპეცსამსახურის ყოფილ თანამშრომელზე, რომელიც ახლა დაკავებულია) დაყრდნობით გაავრცელა "მთავარმა არხმა" და, სავარაუდოდ, საბანაძის ხმოვანი შეტყობინებაც შესთავაზა მაყურებელს. 2019 წელს ჩაწერილ ინტერვიუში იგივე პირი ჰყვებოდა, რომ მას ავალებდნენ სხვადასხვა პირის სახლებში სათვალთვალო მოწყობილობების დაყენებას.

„მთავარი არხის" ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომელმა ივანე გულაშვილმა, რომელსაც, მისივე თქმით, ევალებოდა სახლებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება, განაცხადა, რომ ერთ-ერთი, ვისი კადრებიც ჩაწერეს, იყო მოძრაობა „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე. ტელეარხის ცნობით, გულაშვილთან ინტერვიუ ჩაწერეს 2019 წელს. ის ეთერში გავიდა 21 მარტს, მას შემდეგ, რაც გულაშვილი დააპატიმრეს.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე. გულაშვილი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის კახაბერ საბანაძის უკანონო დავალებების შესახებ საუბრობს.

გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG