Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ


მავთულხლართები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის
მავთულხლართები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ ინიცირებულ და საბჭოს მიერ 24 მარტს მხარდაჭერილ დოკუმენტში: „თანამშრომლობა საქართველოსთან“, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლების, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლებების დარღვევის, გატაცებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლების გამო. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელების გამო, მათ შორის, კოვიდ-პანდემიის დროს.

რეზოლუციის თანახმად, გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მზარდი დარღვევებისა და ჰუმანიტარული წვდომის შეზღუდვის გამო.

დოკუმენტში საუბარია იმ უარყოფით შედეგებზე, რომლებსაც იწვევს ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა და გადაადგილების თავისუფლების მზარდი შეზღუდვა. განსაკუთრებით, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმა, რაც ფატალური შედეგებით დასრულდა.

გაეროს ადამიაის უფლებათა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს 2014-2019 წლებში, ეთნიკური ქართველების მკვლელობის ფაქტებზე ანგარიშვალდებულების არარსებობის გამო, რაც ხელს უწყობს ადგილზე დაუსჯელობის წახალისებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, რეზოლუციაში ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც სამართლებრივად დაადასტურა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავ ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს კი, არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

საბჭო ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, მომდევნო სესიებზე წარადგინოს ანგარიშები რეზოლუციაში ასახულ საკითხებზე.

რეზოლუციის მღებამდე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. ყველა სხვა პრობლემასთან ერთად მან ილაპარაკა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გაგრძელებაზე.

ლაშა დარსალიას განცხადებით, ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსეთი ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებს იყენებს საკუთარი, შორსმიმავალი მიზნებისთვის, რათა საქართველოს მთავრობაზე განახორციელოს პოლიტიკური ზეწოლა და მოახდინოს ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია. მინისტრის მოადგილის თანახმად, შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის საერთაშორისო და რეგიონალური მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG