Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიის მოწვეული გერმანელი გეოლოგები თბილისს ხვალ დატოვებენ


ორი გერმანელი ინჟინერ-გეოლოგი, რომელიც თბილისში ვაშლიჯვარში მეწყრული პროცესების გააქტიურების შემდეგ მერიის მოწვევით 22 მარტს ჩამოვიდნენ, თბილისს ხვალ დატოვებენ. ინფორმაციას, რომელიც პირველად ილიას პროფესორმა, თეა გოდოლაძემ გაახმაურა, ადასტურებენ თბილისის მერიაში და ამბობენ, რომ აპრილის ბოლომდე ისინი მეწყრის კვლევის და შეკავების პროცესში დისტანციურად იქნებიან ჩართულები, აპრილში კი კვლავ დაბრუნდებიან. ამ დროის განმავლობაში ქალაქის მთავრობა გეგმავს მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებას ლისის ქედზე, ასევე მეწყრული სხეულამდე მისასვლელი უსაფრთხო გზების მიყვანას.

გეგმა ვაჟლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით, რომელიც დღეს წარადგინა მედიასთან თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, ასეთია:

"ჩვენი პირველი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თვითონ ამ ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუყოვნებლივ დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ აქტიური მეწყერი, რომელიც მოძრაობაშია. წინაღობა გაკეთდება და ეს იქნება დროებითი. ამის შემდეგ მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები უშუალოდ მეწყრულ ადგილზე. შემდეგში მოხდება გარკვეულ უბნებზე მიწის მასების მოჭრა და გატანა. ტერასული ტიპის გარკვეული სამუშაოები უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დაანკერება, რაც ნიშნავს, რომ ეს მცოცავი ფერდის მოძრაობის შეჩერება სხვა ღონისძიებებთან ერთად მოხდეს ანკერული პრინციპით. ეს მეთოდი არ არის ჩვენ მიერ მოგონილი, აპრობირებული მეთოდია, თბილისშიცაა გამოყენებული, წყნეთი-ბეთანიის მეწყრის დროს და ა.შ. ამ სამუშაოებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ" - თქვა ირაკლი ბენდელიანმა.

გაერმოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგის, მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, გერმანელმა სპეციალისტებმა პირველადი პროექტი სამუშაო ჯგუფს გუშინ გააცნეს და ის მცირეოდენ კორექტივებს საჭიროებს.

დღესვე უცხოელ კოლეგებს შეხვდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები, თეა გოდოლაძე და ლაშა სუხიშვილი, ერთმანეთს პირველადი კვლევების შედეგები გააცნეს და როგორც თეა გოდოლაძე ამბობს, "ისინი ერთ ენაზე ლაპარაკობენ". გერმანელი მეცნიერებიც ქართველების მსგავსად მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოგვარების ერთი გზა არ არსებობს, ვითარება რთულია, კვლევების გაგრძელება აუცილებელი და მეწყრული სხეულის უსაფრთხოდ დარჩენა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. თეა გოდოლაძე ამბობს იმასაც, რომ არ ემხრობა დამატებითი კვლევების ჩატარებამდე მეწყრულ ფერდზე არანაირი სამუშაოების ჩატარებას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასული ორი დღის განმავლობაში პირველადი მონაცემებით დადასტურდა ეჭვი იმის შესახებ, რომ გადაადგილდება არა მხოლოდ მოწყვეტილი მიწის ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზე დიდი მოცულობის მასა, არამედ მისი მოსაზღვრე მთის ფერდებიც.

გერმანელი მეცნიერები, კლაუს კაილიგი და პეტერ ნიუმანი, მიუნხენში სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს [Baugeologisches Büro Bauer] წარმომადგენლები არიან. კომპანიის ინჟინერ-გეოლოგებს, ჰიდროგეოლოგებსა და გეოტექნიკოსებს პროექტების უმეტესობა ავსტრიასა და გერმანიაში აქვთ განხორციელებული, რამდენიმე - ჩინეთსა და ინდოეთში. მერია ამბობს, რომ ამ ჯგუფთან წინა წლებში უკვე თანამშრომლობდნენ, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე არსებული მეწყრის პრობლემის გადაჭრაზე და 2005 წლის 13 ივნისის შემდეგ დამეწყრილი წყნეთი-ბეთანიის გზის განახლების სამუშაოებზე. გერმანელ სპეციალისტებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ინსტიტუტს ვერეს ხეობაში - მაშინ უცხოელი სპეციალისტები სწორედ ამ ინსტიტუტის მონაცემებსა და კვლევებს ეყრდნობოდა დასკვნების მოსამზადებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG