Accessibility links

site logo site logo

96 დეპუტატი, 90-ზე მეტი კანონპროექტი - "ამ პარლამენტის არევის საშუალებას არავის მივცემთ"


„ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მუშაობას იწყებს ისე, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო კანონპროექტის დამტკიცება შეუძლებელია, სანამ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ბოიკოტს არ შეწყვეტს. 

2020 წლის დეკემბრიდან დღემდე საკანონმდებლო ორგანომ 90-მდე კანონპროექტი დაამტკიცა. დანარჩენები განხილვის სტადიაშია.

  • როგორია ხალხისთვის მიღებული კანონების და სხვა დოკუმენტების ლეგიტიმაციის ხარისხი, თუ პარლამენტში მყოფი 96 დეპუტატი ამომრჩეველთა მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს?

5%-იანი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირებაზე მუშაობას „ქართული ოცნება“ იმ იმედით იწყებს, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს დაასრულებს და საკონსტიტუციო ცვლილება მაინც შეძლებს მოიპოვოს აუცილებელი მინიმუმის, 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი, სულ მცირე, 17 დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა 25 მარტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა. მისი განმარტებით, საარჩევნო ბარიერის დაწევის ინიციატივა წარმოადგენს იანვარში პარტია „მოქალაქეებთან“ გაფორმებული მემორანდუმის ერთ-ერთ პირობას, რომელსაც მოგვიანებით „ევროპელი სოციალისტებიც“ შეუერთდნენ.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერების დიდი ნაწილისთვის საარჩევნო ბარიერის საკითხი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ ასეთი ცვლილებისა თუ მთლიანად საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ, გვერდზე გადადონ მთავარი მოთხოვნები - „რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“. ეს მოთხოვნები აბსოლუტურად უსაფუძვლო და მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის.

ამ ვითარებაში, როცა 150-წევრიან პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია შესული, ხოლო ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება შეუძლებელია. სამაგიეროდ, რიცხობრივად ნაკლული პარლამენტი უპრობლემოდ ახერხებს იმ ტიპის კანონების მიღებას, რასაც მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.

პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ელექტრონული ბაზის თანახმად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის, ანუ 2020 წლის 11 დეკემბრის შემდეგ, საპარლამენტო თანამდებობების განაწილების, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისა თუ მთავრობისთვის ორჯერ ნდობის გამოცხადების გარდა, დეპუტატებმა დაამტკიცეს 90-მდე კანონპროექტი.

ჩამონათვალში შედის, მაგალითად:

  • ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში - უვადო პატიმრებს შესაძლებლობას ეძლევათ, გათავისუფლდნენ პატიმრობის 20-წლიანი ვადის მოხდის შემდეგ;
  • ამნისტიის შესახებ კანონი - ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულ 800-მდე პირს შეეხო;
  • ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში - მაგალითად, დაშვებულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურების წარდგენა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი სუბიექტების მიერ, რაც გამოყენებულ იქნა „მოქალაქეებისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ შემთხვევაში;
  • ცვლილებები კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ - ისევ ორ ნაწილად გაიყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა;
  • ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ადმინისტრირება, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადავიდა.

ჩამონათვალშია კანონპროექტები, რომლებიც არასრულად, ერთი ან ორი მოსმენით არის დამტკიცებული. ამ ჯგუფს განეკუთნება პარტიების დაფინანსების შეწყვეტასა თუ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებული კანონპროექტები, რომლებიც, „ქართული ოცნების“ განცხადებით, ოპოზიციის „საბოტაჟის“ გამო იყო ინიცირებული.

მმართველ პარტიას ეს კანონპროექტები კატეგორიულად არ მოუწონა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ. აღინიშნა, რომ მათი შინაარსი არღვევს „თანასწორობის პრინციპს“ და ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს.

დეკემბერში, ასევე ოპოზიციის გარეშე, 81 დეპუტატის მხარდაჭერით დამტკიცდა მნიშვნელოვანი დოკუმენტი - საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ამსახველი რეზოლუცია, რომლის შინაარსიც ოპონენტებმა, მაგალითად, რუსეთიდან მომავალი საფრთხეების არასათანადოდ ასახვის გამო გააკრიტიკეს. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ასეთი დოკუმენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფართო კონსენსუსი, რაც დღევანდელი პარლამენტის პირობებში წარმოუდგენელია.

„პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული 4 დეპუტატის მიერ დაკომპლექტებული პარტია - „ევროპელი სოციალისტები“ პარლამენტში მუშაობას 5 იანვრიდან შეუდგა. ამ პარტიის წარმომადგენელი დეპუტატი, დავით ზილფიმიანი გვეუბნება, რომ „პარლამენტი ინტენსიურად მუშაობს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების დასამტკიცებლად“ და ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე ეს პროცესი მშვიდად, წინააღმდეგობების გარეშე და პროდუქტიულად მიმდინარეობს.

„მე-9 მოწვევის პარლამენტს ძალიან გაუჭირდა კანონების მიღება ოპოზიციის ჩართულობით. სულ ჩხუბი და დავიდარაბა იყო წინა პარლამენტში. საქმის ნაცვლად ერთმანეთს ლანძღავდნენ. დღეს ასე არ არის. მუშაობაზე ორიენტირებულები ვართ. ამ პარლამენტის არევის საშუალებას არავის მივცემთ. თუ ოპოზიცია შემოვა, შემოვიდეს და იმუშაოს კონსტრუქციულად, მაგისთვის აირჩია ხალხმა“, - გვეუბნება ზილფიმიანი.

გამოდის, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების არყოფნა არაფერს აკლებს კანონშემოქმედებით პროცესს?

ზილფიმიანი გვპასუხობს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში კარგი იქნებოდა სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში ხილვა და მეტი ოპოზიციონერი უფრო მეტ საქმეს მოერეოდა - „ახლა 6 ოპოზიციონერი ვმუშაობთ და წარმოიდგინეთ, რამდენს შეძლებდა 60 ოპოზიციონერი დეპუტატი“.

მას იმედი აქვს, რომ ერთი-ორი პარტია მაინც შევა პარლამენტში და შეგროვდება დეპუტატების საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად აუცილებელი რაოდენობა - საარჩევნო ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებული ცვლილების მისაღებად. „ევროპელი სოციალისტების“ მიდგომა ასეთია - „რაც დაბალი იქნება ბარიერი, მით უკეთესი“.

პარლამენტში 5 იანვრის შემდეგ დამტკიცებული კანონპროექტებიდან დავით ზილფიმიანი საგანგებოდ იხსენებს განათლების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ყველა სკოლაში უნდა მუშაობდეს - პედიატრი და სტომატოლოგი.

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხშირად შეახსენებენ საქართველოს, რომ პარლამენტი ხალხის ნებას სრულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ასახავს, როცა მასში წარმოდგენილია ყველა არჩეული პარტია და დეპუტატი. შესაბამისად, სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები კრიზისის დასრულებისა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების სწრაფად მიღწევის შესახებ.

„ქართული ოცნება“ დღემდე არ აღიარებს რეალური კრიზისის არსებობას და მას ხელოვნურად, ოპოზიციის „საბოტაჟით“ განპირობებულს უწოდებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „კატასტროფულ მდგომარეობაში“ აღმოჩენილ ოპოზიციას ორი გზაღა რჩება:

  • „ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები, შევიდნენ პარლამენტში და დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და ეს მასკარადი“;
  • „და მეორე - თუ ისინი გააგრძელებენ დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“.

„ოცნების“ მხრიდან ხშირად ისმის მინიშნებები იმასთან დაკავშირებითაც, რომ პარლამენტში შესვლა არა იმდენად პარლამენტს, არამედ ოპოზიციას ესაჭიროება. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

18 მარტს, კრისტიან დანიელსონის ინიციატივით გამართული მოლაპარაკებების პირველი ეტაპის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, მან თქვა:

„დღეს პარლამენტი საქმიანობს რეჟიმში, როდესაც შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ლეგიტიმურად, გარდა საკონსტიტუციო ცვლილებისა. საკონსტიტუციო ცვლილება ჩვენთვის არცერთ შემთხვევაში არ არის პრიორიტეტული, ვინაიდან, როდესაც რეფორმა გავაკეთეთ, ჩვენი მიზანი იყო, საქართველოს ჰქონოდა სტაბილური კონსტიტუცია, რომელსაც პარტიები ყოველი მოწვევის პარლამენტში არ ცვლიან.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ პარლამენტი მუშაობდეს ზუსტად იმ სახით, როგორიც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ და ამიტომ მზად ვართ სამართლიანი და კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში.

თუ სიმართლე გინდათ, დღეს ეს ოპოზიციას გაცილებით უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე კონკრეტულად მმართველ გუნდს. საერთო ჯამში, ეს სჭირდება პარლამენტს, მაგრამ, პირველ რიგში, ოპოზიციას სჭირდება, რომ ჰქონდეს ტრიბუნა და იყოს ჩართული იმ პროცესში, რისთვისაც ისინი ხალხმა აირჩია... ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ იყენებს ამ შესაძლებლობებს, არის დაკარგული დრო მათთვის“.

„ქართული ოცნება“ ამ დრომდე მანდატებს ნების საწინააღმდეგოდ უნარჩუნებს 5 პარტია/ბლოკის 51 ოპოზიციონერ დეპუტატს, რომლებმაც უფლებამოსილების შეწყვეტა განცხადების საფუძველზე მოითხოვეს. კიდევ 3 დეპუტატს („გირჩიდან“) განცხადებები დაწერილი არა აქვს.

ასეთ პირობებში დამტკიცებულ სამართლებრივ აქტებს, მართალია, ლეგიტიმაციის პრობლემა არა აქვთ, რადგან პარლამენტში ფორმალურად ირიცხება დეპუტატთა საერთო რაოდენობის 2/3, მაგრამ აშკარად დგას ლეგიტიმაციის ხარისხის პრობლემა - ეუბნება რადიო თავისუფლებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით არჩეული დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.

„კომუნისტური პარტია მუშაობდა მარტო და ამბობდა - კარგად ვმუშაობო, მაგრამ დემოკრატიის ხიბლი და ძალა არის აზრთა სხვადასხვაობაში და კამათის გზით იბადება ჭეშმარიტება. ერთპარტიულ პარლამენტში ეს ვერ მოხდება. პარლამენტში დისკომფორტიც უნდა შეიქმნას და უნდა იყოს კონკურენციაც, კამათიც - ხალხისთვის საჭირო საკითხების განხილვის ჭრილში“, - გვეუბნება მანჯგალაძე.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების უდიდესი ნაწილის მსგავსად, ამ პრობლემისა და ზოგადად - პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზად პაატა მანჯგალაძეც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ხედავს.

მას იმედი აქვს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოში წამოწყებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, ხელისუფლება კონსტრუქციულობას გამოიჩენს და კრისტიან დანიელსონს მეორედ აღარ მოუწევს საქართველოდან ხელცარიელი წასვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG