Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

B.1.1.7 – COVID-19-ის „ბრიტანული შტამი“, რომელიც თამაშის წესებს ცვლის


გასული წლის სექტემბერში, სამხრეთ ინგლისში აღმოჩენილი COVID-19-ის მუტირებული შტამი, რომელსაც „ბრიტანული შტამი“, B.1.1.7 უწოდეს, უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოს სულ ცოტა 94 ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის, საქართველოშიც.

რიგ ევროპულ ქვეყნებში „ბრინატული შტამი“ კორონავირუსის დომინანტ სახეობად ჩამოყალიბდა და, მაგალითად, ინგლისში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების 98% სწორედ B.1.1.7-ზე მოდის. „ბრიტანული შტამის“ მაღალ მაჩვენებლებზე ლაპარაკობენ საფრანგეთი, დანია, ავსტრია, შვეიცარია, აშშ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „ბრიტანული შტამი“ შესაძლოა, ახლო მომავალში, ბევრ სხვა ქვეყანაში იქცეს კორონავირუსის დომინანტ ვერსიად.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ბრიტანული შტამის 50-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 4 იანვარს დადასტურდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტი იყო.

B.1.1.7 - ვირუსი 23 მუტაციით

„ბრიტანულ შტამს“ 23 მუტაცია ახლავს თან. მისი ზოგიერთი მუტაცია წვეტიან ცილას შეეხება, რომელსაც ვირუსი უჯრედების დასაინფიცირებლად იყენებს.

მაგალითად, მუტაცია N501Y, ვირუსს ეხმარება, უფრო მყარად ჩაეჭიდოს ადამიანის უჯრედებს.

P681H კი ხელს უწყობს ინფიცირებულ უჯრედებს, უფრო ეფექტურად წარმოქმნან ახალი წვეტიანი ცილები.

ხოლო, დელეციებს H69–V70-სა და Y144/145-ს, შესწევთ უნარი, ფორმა შეუცვალონ ცილის წვეტს და ამ გზით დაუსხლტდნენ ზოგიერთ ანტისხეულს.

B.1.1.7 - უფრო გადამდები

„ბრიტანული შტამი“, COVID-19-ისგან განსხვავებით, დაახლოებით 40-70%-ით უფრო გადამდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ეს 0,4-ით გაზრდის ვირუსის რეპროდუქციულ R რიცხვს, ანუ მაჩვენებელს, რომელიც ზომავს, რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი ინფიცირებული ადამიანი.

სიკვდილიანობის მაღალი რისკი?

ბრისტოლისა და ექსეტერის უნივერსიტეტების მკვლევრები აცხადებენ, რომ „ბრიტანული შტამის“ შემთხვევაში, სიკვდილიანობის რისკი შესაძლოა 64%-ს აღწევდეს. ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რომელიც სამედიცინო კვლევების ჟურნალ THE BMJ-ში, 11 მარტს გამოქვეყნდა, „ბრიტანული შტამით“ ინფიცირებისას, გარდაცვალების რიცხვი ყოველ 1000 ინფიცირებულზე 4,1-ია. მაშინ, როდესაც ვირუსის ძველი ვერსიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 2,5-ს არ სცდება. მკვლევრების დასკვნის თანახმად, მაღალია ალბათობა იმისა, რომ „ბრიტანული შტამის“ შემთხვევაში, სიკვდილიანობის რისკი მზარდია.

„ბრიტანული შტამი“ და COVID-ვაქცინა

ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკა“ B.1.1.7-ის მიმართ ისეთივე ეფექტიანობას ავლენს, როგორსაც ვირუსის ორიგინალურ ვერსიასთან ბრძოლაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა „ბრიტანული შტამის“ შემთხვევაში 63%-დან 82%-მდე მერყეობს.

3 მარტს, ფარმაცევტული ტექნოლოგიების საიტზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, არ არსებობს მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ B.1.1.7 ამცირებს ამერიკულ-გერმანული „ფაიზერისა“ და ამერიკული „მოდერნას“ ეფექტიანობას ვირუსთან ბრძოლაში.

ამერიკული „ნოვავაქსი“ იტყობინება, რომ „ბრიტანული შტამის“ შემთხვევაში, მათ მიერ წარმოებულმა ვაქცინამ ვირუსთან ბრძოლაში 85%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. მხოლოდ 4%-ით ნაკლები, ვიდრე ვირუსის ძველი ვარიანტის შემთხვევაში.

დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება ხელს შეუწყობს COVID-19-ის ახალი მუტაციების წარმოქმნას და, რაც მთავარია, დადებითად იმოქმედებს უკვე არსებული, მაგალითად, „ბრიტანული შტამით“ ინფიცირების რიცხვის შემცირებაზე.

The Bloomberg-ის 25 მარტის მონაცემებით, დღეს მსოფლიოს 137 ქვეყანაში 486 მილიონი დოზა აცრაა ჩატარებული. მათ შორის, საქართველოში, სადაც ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს „ასტრაზენეკათი“ დაიწყო. 24 მარტის მონაცემებით, აცრილია 4048 მედპერსონალი. 24 მარტს საქართველოში შემოვიდა „ფაიზერის“ 29 250 დოზა ვაქცინა. 25 მარტიდან ვაქცინაციის პორტალი გაიხსნა 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზე, ჯერჯერობით არ ასახულა აცრილთა 25 მარტის მონაცემები.

13 მარტიდან დღემდე საქართველოში შემოსულია ჯამში 72 450 დოზა კოვიდვაქცინა, რომელთაგან 43 200 დოზა ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკაა“.

B.1.1.7 და ნიღაბი

მედიცინის ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ორი ნიღბის ტარება შესაძლოა დაცვის უკეთესი საშუალება იყოს. მათ შორისაა ენტონი ფაუჩი, აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი:

„თუკი სახეს იფარავთ ერთი ნიღბით, შემდეგ მასზე იკეთებთ მეორე ნიღაბს, სავსებით ლოგიკურია, რომ ეს, დიდი ალბათობით, უფრო ეფექტიანი იქნება“.

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრის (CDC) ახალი კვლევა მხარს უჭერს ამ მოსაზრებას. ვირუსის გადადების შანსი 96,5-ით მცირდება, თუკი ინფიცირებულსა და ჯანმრთელ პირს, ორივეს უკეთია მჭიდროდ მორგებული ქირურგიული ნიღაბი ან ნაჭრის ნიღაბი ქირურგიულ ნიღაბთან ერთად.

„ბრიტანული შტამის“ გავრცელების შემდეგ, რიგ ევროპულ ქვეყნებში აიკრძალა ე.წ. სახლში დამზადებული ნიღბებისა და ნაჭრის ნიღბების ტარება. ამ ქვეყნებს შორისაა საფრანგეთი. იქ დასაშვებია, მხოლოდ და მხოლოდ, სამშრიანი სამედიცინო ნიღბის ტარება, და ასევე ნიღაბი FFP2.

ავსტრია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ FFP2 ნიღბის ტარების რეკომენდაციას გასცემს. ეს ნიღბები დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობასა და 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს საცხოვრებელ მისამართებზე ეგზავნებათ.

„ბრიტანული შტამი“ ავსტრიის მაგალითზე

ირმა კვიცარიძე, ავსტრიაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი ექიმი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სწორედ „ბრიტანული შტამია“ მიზეზი იმისა, რომ ავსტრიაში უკვე მესამედ გამოცხადდა ე.წ. ლოკდაუნი. ინსბრუკისა და ავსტრიის სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ნელ-ნელა იმატებს ვირუსის „ბრიტანული შტამის“ მაჩვენებელი. ირმა კვიცარიძის თქმით, ინფორმაცია ვირუსის მუტირებული ვარიანტისა და ამ შტამით ინფიცირებული მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ, ყოველდღიურად ვრცელდება მედიის საშუალებით: „ექიმები, რომლებიც მუშაობენ ინტენსიურ განყოფილებებში, ტელევიზიით აცნობენ საზოგადოებას ზუსტ მონაცემებს. ჯანდაცვის მინისტრის პრესკონფერენციაც ყოველთვის ამ ინფორმაციით იწყება“.

ირმა კვიცარიძე ავსტრიის მონაცემებზე დაყრდნობით ლაპარაკობს იმაზეც, რომ „ბრიტანული შტამით“ ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი ახალგაზრდებზე მოდის, ავადობის ხანგრძლივობა კი 16-20 დღეს გრძელდება:

„ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრილ პაციენტებს სჭირდებათ უფრო დიდხანს ინტენსიური მეთვალყურეობა, ვიდრე ვირუსის პირვანდელი სახით დაავადების დროს. ამიტომ ინტენსიური განყოფილებები მალე ივსება და უკვე ჩვენთან ინტენსიურ განყოფილებაში ადგილების დეფიციტიც იქმნება. კოვიდგადატანილები არ არიან გარანტირებული, რომ მუტაციის ამ ახალი ფორმით ხელმეორედ არ დაავადდებიან“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მეოთხე კვირაა იზრდება დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში აღირიცხა 3.3 მილიონამდე ახალი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 8%-ით მეტია. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლენილია ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 60 400-ზე მეტი ადამიანი, რაც წინა კვირასთან შედარებით, 3%-ით მეტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, გარდაცვალების და ინფიცირების შემთხვევებიდან თითქმის 80% მოდის ევროპასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG