Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი ადასტურებს ჯანმრთელობის გამო ჩივილებს, მისი მდგომარეობის გარშემო შეშფოთება იზრდება


რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ვლადიმირის ოლქში, კოლონიაში იხდის სასჯელს, ტვიტერით დაწერა, რომ ძალიან უჭირს და ძალიან მტკივნეულია საწოლიდან ადგომა. „ციხის ექიმმა გამსინჯა და გამომიწერა ორი აბი იბუპროფენი დღეში. აქამდე არ ვიცი დიაგნოზი“. „ალბათ ნერვია მოყოლილი პოლიციის ფურგონებში და ვიწრო „კოლოფებში“ მოხრილი ჯდომისგან“, ამბობს ნავალნი, რომელიც გულისხმობს ვიწრო გალიებს, სადაც სასამართლო განხილვების დროს განსასჯელებს ათავსებენ ხოლმე.

ალექსეი ნავალნი უკვე რამდენიმე დღეა ძლიერ ტკივილებს განიცდის ზურგსა და მარჯვენა ფეხზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განაცხადა ნავალნის ადვოკატმა, ოლგა მიხაილოვამ. მან და ადვოკატმა ვადიმ კობზევმა მოახერხეს 25 მარტს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრა ვლადიმირის ოლქის პოკროვის კოლონიაში. მიხაილოვამ ნავალნის მდგომარეობა შეაფასა, როგორც "უკიდურესად არასახარბიელო“. კობზევი კი წერს, რომ მას არათუ არ მკურნალობენ, არამედ "ჯანმრთელობას უსპობენ".

ადვოკატის თქმით, ნავალნის ძლიერი ტკივილები აქვს უკვე ერთი თვეა, მაგრამ აკრძალა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი. მიხაილოვას ინფორმაციით, მას შეგრძნება არ აქვს ფეხში, ანუ ერთ ფეხს პრაქტიკულად ვერ ხმარობს, მასზე დგომა არ შეუძლია. ჩაუტარეს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, მაგრამ შედეგი არ არის ცნობილი.

ნავალნის მომხრეებმა გამოაქვეყნეს მისი ორი განცხადება, რომლებიც ნავალნიმ, რომელსაც 25 თებერვლის შემდეგ ზურგი სტკიოდა, ადვოკატების გზით გაუგზავნა კოლონიის უფროსს და სასჯელაღსრულების უწყების ხელმძღვანელობას, თხოვნით, გაესინჯა ის მოწვეულ სპეციალისტს, რაზეც უარი მიიღო.

ნავალნი მიიჩნევს, რომ სპეციალისტთან შეხვედრასა და სათანადო მკურნალობაზე უარი, სამედიცინო მომსახურებაზე მისი უფლების დარღვევა და მისი აბუჩად აგდებაა. მეორე წერილში ნავალნი მოითხოვს, რომ მოხსნან ის რეგისტრაციიდან, როგორც „გაქცევისკენ მიდრეკილი", რადგან ყოველ ერთ საათში აღვიძებს შემმოწმებელი, რასაც ის უძილობით წამებად თვლის.

სასჯელაღსრულების უწყებამ 25 მარტს ინტერფაქსს განუცხადა, რომ კოლონიაში ჩატარდა პატიმრების სამედიცინო შემოწმება. გამოკვლევის თანახმად, იტყობინება უწყება, ნავალნის „ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია“.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის წარმომადგენელმა ნავალნის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობებს "შემაშფოთებელი" უწოდა. ”რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება და მისცეს მის ადვოკატებს შეხვედრის საშუალება, განაცხადა ტვიტერში წარმომადგენელმა, ნაბილა მასრალიმ და დასძინა, რომ ევროკავშირი "კვლავაც მოითხოვს მისი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას”.

ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნავალნი. რაც ახლა ხდება, ეს არის პირადი "შურისძიება", რომელიც ჩვენ თვალწინ ხდება, დაწერა მან ინსტაგრამში.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, 26 მარტს განაცხადა, რომ ნავალნაიას, რომელმაც თავისი ქმრის განთავისუფლება მოითხოვა და მის დაპატიმრებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირადი შურისძიება უწოდა, კრემლისთვის არ უნდა მიემართა, რადგან ამ საქმეში კრემლი არავითარ როლს არ თამაშობს. ამგვარი თხოვნით უნდა მიმართოთ სასჯელაღსრულების სამსახურს, თქვა პესკოვმა.

რატომ გართულდა ნავალნის მდგომარეობა, არ არის ცხადი. შარშან აგვისტოში ის მოწამლეს ნერვული აგენტით, რის შემდეგაც სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. ბერლინიდან ნავალნი პრაქტიკულად გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.

მოსკოვის იზოლატორში ყოფნისას მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები არ ჰქონია.

XS
SM
MD
LG