მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლო რეფორმის იმიტაციის მცდელობაა, - აცხადებს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის. მიმართვის თანახმად, რეფორმის ძირითად საკითხებზე ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შეთანხმდნენ მიმდინარე მედიაციის პროცესში:
„პირველ რიგში, ხელისუფლება და ოპოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების კონსენსუსზე ორიენტირებულ წესზე უნდა შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს სისტემაში კლანური მმართველობის აღმოფხვრას და ხელისუფლების არასათანადო გავლენების შესუსტებას“.
კოალიცია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ფრაგმენტული ცვლილებები სრულად მოწყვეტილია ქვეყანაში შექმნილ რეალობას და ახალი ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს როგორც თავად პროცესის გაჯანსაღებას და საზოგადოების ნდობის ამაღლებას, ისე, ზოგადად, სასამართლო სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების მოგვარებას.
„აუცილებელია, ხელისუფლების, პოლიტიკური აქტორების და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით შეიქმნას მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომელიც სიღრმისეულად შეაფასებს სასამართლოში არსებულ პრობლემებს, წარსულის გამოცდილებას და პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცეულ სასამართლოს. კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით, პარლამენტმა უნდა მიიღოს პოლიტიკური შინაარსის რეზოლუცია, რომლის საფუძველზე უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სასამართლოში კლანური მმართველობის დემონტაჟი. შესაბამისად, ამ ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე აზრს მოკლებულია ყოველგვარ პროცედურულ გაუმჯობესებაზე მსჯელობა, ვინაიდან ქართული მართლმსაჯულების სისტემის პრობლემას, არა პროცედურული საკითხების მოუწესრიგებლობა, არამედ ხელისუფლების გავლენები და არაფორმალური ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლება წარმოადგენს“, - აცხადებს კოალიცია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 25 მარტს წარმოადგინა ახალი კანონპროექტი. ცვლილებებით:
- გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია.
- საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. „სარეიტინგო სიის“ ფორმირებას. შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები.
- საბჭოს წევრი ვალდებული იქნება, დაასაბუთოს კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიცია, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს.
- კანდიდატს შეეძლება, მის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ ერთჯერადად გასაჩივრება.
პარლამენტი დაჩქარებული წესით ცვლილებების განხილვას ორშაბათიდან დაიწყებს.
დაწერეთ კომენტარი