Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იურისტებისა და უფლებადამცველების ჯგუფი მიმართავს მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს


იურისტებისა და უფლებადამცველების ჯგუფი მედიაციის პროცესში ჩართულ ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების ელჩებს მიმართავს. იურისტები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების ელჩების მედიაციით, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის წარმოებული მოლაპარაკების ფორმატი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, შედგეს შეთანხმება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის მიმართულებით.

  • „შედგეს შეთანხმება სასამართლოში არაჯანსაღი გავლენების სისტემური მიზეზების დადგენის, მათი აღმოფხვრის და სამომავლო პრევენციის მიზნით ეფექტიანი და არაფრაგმენტული სასამართლო რეფორმის გატარების შესახებ.
  • შეთანხმების რეალურად შესრულების და სასამართლო რეფორმის სანდო პროცესის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნას სარეფორმო ჯგუფი რომელიც შეისწავლის მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, წარმოადგენს არსებული ვითარების სიღრმისეულ ანალიზს, რომლის საფუძველზე მიღებული რეკომენდაციები ფართო პოლიტიკური კონსესუსით იქნება მიღებული და განხორციელებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრები: კახა წიქარიშვილი; ეკა ციმაკურიძე; მაია ბაქრაძე; უჩა ნანუაშვილი; თამარ ლალიაშვილი; ბესიკ ლოლაძე; თამარ გეგელია; ხათუნა გრიგალაშვილი; ირაკლი შავაძე; ირაკლი კორძახია; ნათია ქუთათელაძე; ბესიკ სისვაძე; ირაკლი გაბრიჩიძე; ლია მუხაშავრია; თეა ხამხაძე; ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; გურამ იმნაძე - ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი. ალეკო ცქიტიშვილი - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა. გუშინ, 28 მარტს, კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დღეს, 29 მარტს დილით მან უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG