Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარტიის დირექტორი კახიშვილის ინიციატივაზე, დარეგულირდეს მედია: მნიშვნელოვანია, მსგავსი რიტორიკა არ ისმოდეს


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი რადიო თავისუფლებასთან აფასებს დეპუტატ კახა კახიშვილის ინიციატივას, დარეგულირდეს მედია და განისაზღვროს სასამართლო დავებისას ვადები, რათა კონკრეტულ მედიაპროდუქტებთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება მოკლე დროში მიიღოს. მარიამ გოგოსაშვილის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად დაარეგულიროს მედიასაშუალებები და ამ მიზნისთვის, ხშირად, ინსტრუმენტად გარკვეულ საკანონმდებლო ინიციატივებს ან წინადადებებს ხედავს.

"არსებობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელსაც ნებისმიერ ჟურნალისტურ პროდუქტთან დაკავშირებით შეუძლია ნებისმიერ პირს მომართოს და არსებობს სასამართლო, სადაც შესაძლებელია ცილისწამების შემთხვევაში პატივისა და ღირსების შელახვისთვის მიმართოს ასევე ნებისმიერმა პირმა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონი განსაზღვრავს, რა ვადაში უნდა მოხდეს სარჩელების განხილვა და ის, რომ სამოქალაქო საქმეების განხილვა იწელება, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვადა არ არის დადგენილი. არასწორია ამაზე აპილირება, ვადები დადგენილია და დამატებითი ვადების დადგენა საჭირო აღარ არის, შესაძლოა ვიმსჯელოთ იმაზე, რატომ იწელება დროში სარჩელების განხილვა", - ამბობს მარიამ გაგოსაშვილი. ის თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან განცხადებები იმის შესახებ, რომ მედია არაკეთილსინდისიერად იქცევა და მას დამატებითი რეგულაცია სჭირდება, ჟურნალისტების უსაფრთხო სამუშაო გარემოზე იმ შემთხვევაშიც კი ცუდად აისახება ხოლმე, როცა ამგვარი ინიციატივები კანონის სახეს არ იძენს და მხოლოდ განცხადებებად რჩება.

"ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ასეთი ტიპის განცხადებები, როცა პირდაპირი მოწოდება ისმის მედიის მოწოდებების და არა მარტო რეგულირების, კონტენტის შინაარსში ჩარევის მოთხოვნაც ხშირად გვესმის. მე იმედი მაქვს, ეს განცხადება დარჩება განცხადებად და ამას რეალური მსვლელობა არ მიეცემა. მსგავსი რიტორიკა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმის, შემდგომში უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხო სამუშაო გარემოზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, მსგავსი რიტორიკა არ ისმოდეს", - უთხრა რადიო თავისუფლებას ქარტიის დირექტორმა.

კახა კახიშვილმა მედიის რეგულირების აუცილებლობაზე დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.

XS
SM
MD
LG