ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის მცხოვრები რამაზ ბეღელური, რომელიც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.
ოსურმა მხარემ რამაზ ბეღელური ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში გადასცა.
რამაზ ბეღელური საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თებერვლის დასაწყისში, უკვე მესამედ დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. წინა ორ შემთხვევაში ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
36 წლის რამაზ ბეღელური გუგუტიაანთკარში სოფლის მეურნეობას ეწევა და მისი მიწის ერთი ნაკვეთი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარეობს. საოკუპაციო რეჟიმს გუგუტიაანთკარის გასწვრივ, დაახლოებით 1.5 კილომეტრზე ე.წ. სასაზღვრო ღობე აქვს დამონტაჟებული, თუმცა, არის ადგილები, სადაც გაურკვეველია, სად გადის საოკუპაციო ხაზი.