რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განუმარტა, რომ აქტივისტებს სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა პოლიციის შესახებ კანონის თანახმად გადაუკეტეს. სამართალდამცავი აცხადებს, რომ დროებითი შეზღუდვა საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით დაწესდა:
„მოსალოდნელი ესკალაციის, დაპირისპირების, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, კანონი პოლიციის შესახებ გვაძლევს ლეგიტიმაციას, რომ გუშინდელი დღიდან დღეის ჩათვლით, დროებით შევზღუდოთ ამ რაოდენობის აქტივისტების გადაადგილების საშუალება. ეს არის დროებითი შეზღუდვა. 160 დღეა დგახართ და არავის შეუზღუდიხართ, თავადაც აღნიშნეთ. ტემპერატურა დაიწევს, ვითარება დასტაბილურდება, დამშვიდდება, რაზეა ლაპარაკი, როგორც აგრძელებდით პროტესტს მშვიდობიანად, გააგრძელებთ პროტესტს“.
სოფელ გუმათში, ნამოხვანისკენ მისასვლელი გზა, სადაც ჰესის მშენებლობა იგეგმება, მეორე დღეა ბლოკირებულია პოლიციის მიერ. 3 აპრილს, იქ დილიდან ჩასული იყო ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. მან მოსახლეობას, პროტესტის მიუხედავად, უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდებოდა.
3 აპრილს, ღამით, პოლიციამ "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებიც გუმათიდან ნამოხვანში აპირებდნენ გადასვლას და იმედი ჰქონდათ, რომ თავს ხეობაში განთავსებულ კარვებს შეაფარებდნენ.
სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის ორგანიზატორებმა იქ კარავიც გაშალეს.
ვარლამ გოლეთიანი, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტივისტი აცხადებს, რომ სოფელ გუმათში, პროტესტის მეორე კერა გაჩნდა:
„ჩვენ ვითხოვთ უბრალოდ გადაადგილებას. არავინ აპირებს „ენკას“ ტრაქტორებთან მივარდნას და იქ ისეთი ქმედებების მოწყობას, რაც ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელია. ჩვენ არცერთ შემთხვევაში, არავის მოვუწოდებთ, რომ ვინმე დაზიანდეს და ამ ფორმით რაიმე ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს არის მათი მიზანი, ეს არის მათთვის ხელსაყრელი ფორმა, გამოიყენონ ჭავლი, გაგვანეიტრალონ. ჩვენ მათ წისქვილზე წყალს არ დავასხამთ, თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ იდეურადაც არ მიგვაჩნია სწორად, რომ პოლიციასთან დაპირისპირებაში შევიდეთ. აქ გაჩნდება პროტესტის კიდევ ერთი კერა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით დიდი აქციისთვის. ბოლო ორი აქცია, რომელიც ჩატარდა ქუთაისში, იყო უპრეცედენტო. ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება. აქციის თარიღს მალე დავაანონსებთ“.
რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. "რიონის მცველები" 161 დღეა კარვებში ათენებენ ღამეებს. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები გაიმართა ქუთაისშიც.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა.