პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე 15 მაისის აქციისთვის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს.
„განვიხილეთ ტექნიკური საკითხები. ეს არ არის რომელიმე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე ნაკარნახევი აქცია, არამედ ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აქცია. კამპანიის მიზანია მაქსიმალურად გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს თანამოქალაქეებთან. რომელთა ნებაც არის განმსაზღვრელი 15 მაისის აქციის მიზნების და შემდგომი ნაბიჯების თვალსაზრისით“.
შეგახსენებთ, ოპოზიცია ე.წ. "15 მაისის შტაბს" აყალიბებს, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.
ოპოზიციური პარტიების აქცია 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაიმართება. მანამდე კი, მათი თქმით, ისინი სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ჩასვლას და მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს გეგმავენ.
ეს აქცია იმ სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ოპოზიციამ საზოგადოებას 20 მარტს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდის უშედეგოდ დასრულების შემდეგ გააცნო.