Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-ის კვლევა პოლიტიკური კრიზისის სარკეში


პოლიტიკური კრიზისის ფონზე საგანგებო დისკუსია გამოიწვია აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის - IRI-ის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ. რამდენად რელევანტურია საზოგადოებრივი აზრის თებერვლის გამოკითხვა? რა გზავნილი მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა?

წასულები, შესაძლო წამსვლელი, დაჭერილი

იმ საჯარო პირთა თუ პოლიტიკოსების სიას, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას გამოკითხულთა სრული ან გარკვეული კეთილგანწყობით სარგებლობენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე (89%) ლიდერობს. პირველ ათეულში დანარჩენ 9 ადგილს პოლიტიკოსები იკავებენ: 4 – ოპოზიციიდან და 5 – „ქართული ოცნებიდან“. რესპონდენტების გამოკითხვისას, ტრადიციულად აღირიცხა როგორც კეთილგანწყობის, ასევე მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მაჩვენებლებიც.

  • გიორგი გახარია - 65%; უარყოფითი მაჩვენებელი - 30%;
  • კახა კალაძე - 54%; უარყოფითი მაჩვენებელი - 39%;
  • დავით ბაქრაძე - 52%; უარყოფითი მაჩვენებელი - 37%;
  • ნიკა მელია - 42%; უარყოფითი მაჩვენებელი - 48%;
  • ბიძინა ივანიშვილი - 40%; უარყოფითი მაჩვენებელი - 53%;
  • გიორგი ვაშაძე - 39%; უარყოფითი მაჩვენებელი - 49%;
  • დავით უსუფაშვილი - 36%; უარყოფითი მაჩვენებელი - 47%;
  • არჩილ თალაკვაძე - 33%; უარყოფითი მაჩვენებელი - 49%;
  • ირაკლი კობახიძე - 33%; უარყოფითი მაჩვენებელი - 55%.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კვლევით გამოვლენილი 65%-იანი დადებითი მაჩვენებელი დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ გიორგი გახარია გამოკითხვისას ქვეყნის პირველი პირი და აქტუალური ფიგურა იყო მთავრობაში; ხოლო იგივე კვლევა დღეს რომ ჩატარებულიყო - ექსპრემიერის გვარის გასწვრივ შესაძლოა უფრო დაბალი მაჩვენებელი გვეხილა. ოპოზიციონერები ლაპარაკობენ შეკითხვებზე, რომლებიც, მათი აზრით, საზოგადოებას აქვს გიორგი გახარიას, უკვე როგორც ხელისუფლების გარეთ მყოფი პოლიტიკოსის მიმართ და მთავარი შეკითხვა 20 ივნისის სისხლიან მოვლენებს უკავშირდება.

ექსპრემიერი გიორგი გახარია პოსტიდან 18 თებერვალს გადადგა, ხოლო პოლიტიკაში დარჩენისა და გააქტიურების განაცხადი 22 მარტს გააკეთა. IRI-ის კვლევა 2-დან 26 თებერვლამდე ჩატარდა და, შესაბამისად, ბოლო კვირაში გახარია უკვე გადამდგარი იყო პოსტიდან.

ექსპერტების შეფასებით, გახარიას რეიტინგი პირველ რიგში „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი გუნდის თავსატეხია, რადგან, შეთანხმებულად თუ შეუთანხმებლად, ექსპრემიერი, პოლიტიკაში გააქტიურების შემთხვევაში, ამომრჩეველთა ხმებს სწორედ ყოფილ თანაგუნდელებს წაართმევს.

ჩნდება შეკითხვა - ვის იმედზე რჩება „ქართული ოცნება“, მაშინ როცა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ათეულის ბოლო ადგილს იკავებს და თანაც, საზოგადოების მაღალი უარყოფითი მაჩვენებლით (55%)? „ქართულ ოცნებაში“ პროვოკაციულსა და უსაფუძვლოს უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას - ირაკლი კობახიძის მოქმედი პრემიერით, ირაკლი ღარიბაშვილით ჩანაცვლების შესახებ. რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვაში ღარიბაშვილი საერთოდ არ იყო დასახელებული.

გახარიას კი კეთილგანწყობის რეიტინგში დედაქალაქის მერი, კახა კალაძე (54%) მოსდევს. თუმცა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მის ავადმყოფობასთან დაკავშირებული ცნობების შემდეგ, სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა - ხომ არ აპირებს ის „ქართული ოცნების“ და, შესაძლოა, მერის პოსტის დატოვებასაც.

„ჩემს ხელთა არსებული ინფორმაციით, კალაძე ჯერჯერობით ფიქრობს, დარჩეს თუ არა „ქართულ ოცნებაში“. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, შესთავაზებენ თუ არა და რა ფორმით შესთავაზებენ მეორე ვადით კენჭისყრას მერის პოსტზე. ჩემი ინფორმაციით, კობახიძის პოლიტიკური გუნდი ფიქრობდა, რომ ეს პოსტი შეეთავაზებინათ ზურაბ პოლოლიკაშვილისთვის ... თუკი ივანიშვილსა და გახარიას კალაძეც მიჰყვება, „ქართული ოცნება“ გამოშიგნული რჩება“, - გვეუბნება „ქართული ოცნების“ ყოფილი და ამჟამად „ლელოს“ წარმომადგენელი ანი მიროტაძე.

დედაქალაქის მერის მომავალ კანდიდატურასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ საჯარო მსჯელობას ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ. იმავე შინაარსის პასუხებს იღებდა მედია თავად კალაძისგანაც. მან 4 აპრილს საზოგადოებას ამცნო, რომ კლინიკა დატოვა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შინ უნდა იმკურნალოს.

კვლევის თანახმად, პირველ ათეულში ვხვდებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელიც 23 თებერვალს დააკავეს, 3 დღით ადრე IRI-ის კვლევის დასრულებამდე. ოპოზიციაში ბევრია დარწმუნებული, რომ მელიას რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნებოდა, კვლევა ახლა რომ ჩატარებულიყო.

IRI-ისა და NDI-ის კვლევები, საველე სამუშაოებთან დაკავშირებული შეკითხვების გამო, ტრადიციულად არასანდოა „ქართული ოცნებისთვის“ და რეიტინგებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები, როგორც წესი, საჯაროდ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ხოლმე. კვლევიდან ამჯერად მათ ყურადღებას იპყრობს ოპოზიციის ბოიკოტსა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული შეკითხვები.

ოპოზიციის ბოიკოტი, ვადამდელი არჩევნები

გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტს, მათ შორის 42% - „სრულიად“, ხოლო 18% - „გარკვეულწილად“.

მიიღო თუ არა IRI-ის კვლევაზე დაყრდნობით ოპოზიციამ მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს ბოიკოტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და ოპოზიციის პარლამენტში ხილვა უნდა?

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ გვითხრა, ბოიკოტში თავისთავად მოსაწონი არაფერია და ნორმალურ სიტუაციაში ოპოზიცია მართლაც პარლამენტში უნდა იყოს, და ბოიკოტი არა გამოსავალი, არამედ გამოსავლის ძიების გზაა.

„ის, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტს ოპოზიციის პარლამენტში ხილვა უნდა, ეს არის ნორმალური ამბავი. არც ჩვენ გვინდა, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვიყოთ. ჩვენ გვინდა, რომ შეთანხმება შედგეს და ის პრობლემები მოგვარდეს, რამაც ბოიკოტი გამოიწვია. მერე შევალთ პარლამენტში და ვიმუშავებთ გარემოს შესაცვლელად. ასე რომ, გამოკითხულთა მხრიდან ბოიკოტის მიმართ დამოკიდებულება გასაგებია“, - ეუბნება სერგი კაპანაძე რადიო თავისუფლებას.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ მკაფიოდ დაადასტურა ოპოზიციის ბოიკოტის უსაფუძვლობა და ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზეც, რომ ხალხი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ უჭერს მხარს.

„გამორიცხულია, როდესაც საზოგადოების 60%-ზე მეტი არ ემხრობა ბოიკოტს და ე.ი. მხარს უჭერს, რომ ოპოზიციამ იმუშაოს პარლამენტში, ბუნებრივია, რომ მინიმუმ 60% არ ეთანხმება ვადამდელ არჩევნებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა. ეს მოსაზრება ბოლო დღეებში მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებმაც გაიმეორეს.

თუმცა IRI-ის კვლევაში ცალკეა დასმული შეკითხვა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში გამოკითხულთა აზრები 45-45-პროცენტიანი მაჩვენებლებით თანაბრად იყოფა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ როცა არჩევნებიდან თვეების შემდეგ გამოკითხულთა ნახევარი ისევ რიგგარეშე არჩევნებს უჭერს მხარს, ეს მოცემულობა მინიმუმ პლებისციტის ჩატარების აუცილებლობაზე მიანიშნებს.

„საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან აშკარად გაყოფილი და ამომრჩევლების ნახევარს სურს, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლარიზება საზოგადოებაში არის საკმაოდ მაღალი და კარგად აჩვენებს იმას, რომ ჩვენი წინადადება - ჩავატაროთ პლებისციტი და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები - ეს იქნებოდა ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი გამოსავალი“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ანი მიროტაძეს სჯერა, რომ არჩევნებს „მოპარულად“ თვლის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი.

განსხვავებულია გამოკითხულთა შეფასებები 31 ოქტომბრის არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით.

რესპონდენტებს დაუსვეს შეკითხვა - როდესაც მხედველობაში გაქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, თქვენ გჯერათ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე?

გამოკვლევამ ასეთი შედეგი აჩვენა:

  • 25% - ნამდვილად (თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე);
  • 28%- გარკვეულწილად (თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე);
  • 16% - გარკვეულწილად (არათავისუფალი, არასამართლიანი და გაუმჭვირვალე);
  • 19% - ნამდვილად (არათავისუფალი, არასამართლიანი და გაუმჭვირვალე);
  • 12% - არ ვიცი/ უარი პასუხზე.

„საზოგადოების დიდ ნაწილს არ მიაჩნია, რომ სწორია „ნაციონალური მოძრაობა“ და ტყუის საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელსაც მიაჩნია, რომ არჩევნები არათუ არ გაყალბებულა, არამედ საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობდა“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

OSCE/ODIHR-ის დასკვნაში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ყველაზე სანდო გზამკვლევად მიიჩნევა, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან მიმართებით ვერ ვხვდებით უმაღლესი ხარისხის აღმნიშვნელ შეფასებას - „თავისუფალი და სამართლიანი“. ამ დასკვნის თანახმად, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ძირითად თავისუფლებათა დაცვით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG