Accessibility links

site logo site logo

მელია პატიმრობაში თუ გარეთ - ვის აქვს ციხის საკნის გასაღები?


ნიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

შესაძლოა, 8 აპრილს გაირკვეს, გამოვა თუ არა საპატიმროდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია და დროებით მოიხსნება თუ არა დღის წესრიგიდან საკითხი, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ზუსტად არავინ იცის, დააყენებს თუ არა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ხვალინდელ სხდომაზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს და თუ დააყენებს - რა იქნება მისი საბოლოო გადაწყვეტილება. 20 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ნიკა მელია ამჟამად წინასწარ პატიმრობაში გაზრდილი გირაოს გადაუხდელობის გამო იმყოფება. მელიას გათავისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე უშედეგო მოლაპარაკებების ფარგლებში. „ქართული ოცნება“ კვლავ აცხადებს, რომ საკნის გასაღები თავად ნიკა მელიას ხელშია.

  • რა გზა გაიარა მელიას საქმის გამოძიებამ ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ გასული თითქმის ორი წლის განმავლობაში?
  • რას შეცვლის მელიას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება პოლიტიკური კრიზისის ფონზე?

მოლოდინი ვარაუდებით

17 აპრილს 2 თვე შესრულდება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა და ადვოკატები მოელიან, რომ მოსამართლე 8 აპრილის სხდომაზე დააყენებს საკითხს - საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე.

„პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ სასამართლო ვალდებულია, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, თავისივე ინიციატივით გადასინჯოს ეს საკითხი. ეს სავალდებულოა. ორი თვე გადის 17 აპრილს, მაგრამ რადგან სხდომა 8 აპრილს დაინიშნა, არსებობს იმის მოლოდინი, რომ მოსამართლე ამას სწორედ 8 აპრილს გააკეთებს. ამას არ სჭირდება შუამდგომლობის დაყენება დაცვის მხარის მიერ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაია.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი განგვიმარტავს, რომ მოსამართლეების არაერთგზის შეცვლისა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 8 აპრილს, კანონმდებლობის თანახმად, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა პრაქტიკულად თავიდან იწყება და პირველი სხდომა იმართება. თუკი მოსამართლე ჩახნაშვილი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს ხვალინდელ სხდომაზე არ დააყენებს, კონდახიშვილის თქმით, მას ამის გაკეთება მოუწევს რომელიმე სხვა სხდომაზე, 17 აპრილამდე. ადვოკატები არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოელიან.

„ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია, არავითარი მტკიცებულებები არა აქვთ და ხელისუფლება ამ საქმეს ყოველთვის იყენებდა პოლიტიკოსის თავისუფლების შესაზღუდად. ძნელი სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ნიკას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ასეთივე პოლიტიკური იქნება შემდგომი გადაწყვეტილებებიც - გათავისუფლების თუ პატიმრობაში დატოვების შესახებ“ - გვეუბნება ბექა ბასილაია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმის განხილვა, სხვა გახმაურებულ საქმეებთან ერთად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ შეჩერებული იყო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მელიას გათავისუფლება ძალიან კარგი ნაბიჯი იქნებოდა და გარკვეულწილად განმუხტავდა პოლიტიკურ კრიზისს. საია მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება უსაფუძვლო იყო, რადგან არ იკვეთებოდა მისი მხრიდან „მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის“ საფრთხეები.

ადვოკატები ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ. სიმონიშვილი გვეუბნება, რომ სასამართლოს ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია ახლაც და შეეძლო მელიას დაკავებამდეც. „ასევე, სასამართლოს შეეძლო, მაგალითად, მელიას მიერ მანამდე გადახდილი გირაო - 30 ათასი ლარი წაეღო ბიუჯეტში, მისი უკან დაბრუნების ვალდებულების მოხსნით“ - განმარტავს ის.

საერთაშორისო თავსატეხი

სასამართლოს მიმართ უნდობლობის გამო, ოპოზიციაში ოპტიმისტური მოლოდინი არა აქვთ. თუმცა აქვთ იმედი, რომ ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას, საერთაშორისო წნეხის შედეგად, აუცილებლად მოუწევს ოპოზიციის მიერ პოლიტიკურ პატიმრად მიჩნეული ნიკა მელიას გათავისუფლება.

მელიას გათავისუფლების შემთხვევაშიც კი, დღის წესრიგიდან არ მოიხსნება „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნები - ამაზე ოპოზიციური პარტიები შეთანხმებული არიან.

ამ მოთხოვნების განხილვაზე ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული პოლიტიკური დიალოგის ორი უშედეგო რაუნდის ფარგლებში.

ხელისუფლების საჯარო პოზიციაა, რომ ვერ ჩაერევა სასამართლოს საქმიანობაში, ხოლო ნიკა მელიას საკნის დატოვება ნებისმიერ დროს შეუძლია - გირაოს გადახდის შემდეგ.

„ქართული ოცნების“ რიგებში ბოლო დღეებშიც არაერთი მსგავსი განცხადება გაკეთდა. მაგალითად რატი იონათამიშვილმა თქვა, რომ მელია საპატიმროში „თვითინიციატივით“ იმყოფება და საკითხის პოლიტიზირებას ხელოვნურად ცდილობს ოპოზიცია.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას მყისიერი მწვავე განცხადებები მოჰყვა ამერიკიდან თუ ევროპიდან. საერთაშორისო პარტნიორები ისევ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გამწვავების საფრთხესა და დემოკრატიის უკუსვლაზე ალაპარაკდნენ. ბევრისთვის მძიმე სანახავი იყო 23 თებერვლის გამთენიისას მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისზე მიტანილი შტურმი და ოპოზიციონერი ლიდერის საკუთარ ოფისში, ძალის გამოყენებით დაპატიმრება.

"გავრილოვის ღამის" შემდეგ

ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ აღიძრა.

ე.წ. „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებული სისხლიანი მოვლენების შემდეგ ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს 225- მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა).

  • 20 ივნისის საქმის გამო ნიკა მელიას ორჯერ შეუჩერდა დეპუტატის უფლებამოსილება: მეცხრე მოწვევის პარლამენტში - 2019 წლის 26 ივნისს; ხოლო მეათე მოწვევის პარლამენტში (რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს) - 2021 წლის 16 თებერვალს. ეს პროცედურები მოთხოვნილი იყო გენერალური პროკურორის მიერ, მელიას დაპატიმრების უფლების მიღების მიზნით.
  • 2019 წლის 27 ივნისს ნიკა მელიას სასამართლომ, საპატიმრო სასჯელის ნაცვლად, 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა, ხოლო 2019 წლის 3 ივლისს, მას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურიც გაუკეთეს. მელია სამაჯურს 16 თვის განმავლობაში ატარებდა.
  • 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 1 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო;
  • სამაჯურის თვითნებური მოხსნის შემდეგ, პროკურატურის შუამდგომლობით, მელიას საერთოდ მოეხსნა სამაჯურის ტარების ვალდებულება და საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას უკვე გადახდილი 30 000-ლარიანი გირაო 40 000 ლარით გაეზარდა (სულ -70 000 ლარი);
  • ნიკა მელიამ 40 ათასი ლარის გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რაც საბოლოოდ, 2021 წლის 17 თებერვალს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებით დასრულდა;
  • მხარდამჭერებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის ოფისში მყოფი ნიკა მელია საპოლიციო ძალებმა 2021 წლის 23 თებერვალს, წიწაკის გაზისა და ძალის გამოყენებით, სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

ზუსტად ნიკა მელიას მსგავსი ბრალი ჰქონდა წაყენებული „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს. მაგრამ მას საბოლოოდ არ დაუმტკიცდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გამო გასამართლდა. 2020 წლის 13 აპრილს ოქრუაშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების კვალდაკვალ, 15 მაისს ის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა.

2019 წლის 27 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა, ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მას აიძულებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების - ნიკანორ მელიას, გიორგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მას დაემუქრნენ ახლობლების დაკავებით. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს ზურაბ ბუდაღაშვილის ძმაც.

2019 წლის ივლისში პროკურატურა ლაპარაკობდა გამოძიების მიმდინარეობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვითაც, რაც გულისხმობს „ამბოხებას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით“. თუმცა ამ მუხლით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG